ბექა წიქარიშვილი დააპატიმრეს

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტი ბექა წიქარიშვილი, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მთავარი შესასვლელი კარის შუშას აგური ესროლა, პატიმრობაში ორ კვირას გაატარებს
Sputnik

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტი ბექა წიქარიშვილი წვრილმან ხულიგნობაში ბრალდებულად ცნო და მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ სასამართლოს პრესსამსახურში.

წიქარიშვილი სასამართლოს შებობასთან სამსაბათს დააკავეს, ყოფილი ტელეწამყვანის გიორგი გიორგანაშვილის, იგივე „ბახალას“ განაჩენის გამოცხადების შემდეგ. მას ნარკოდანაშაულის გამო რვაწლიანი პატიმრობა შეეფარდა. აღშფოთებული წიქარიშვილი სასამართლოს ეზოში გავიდა, სადაც უცენზურო სიტყვებს იყენებდა. შემდეგ მან სასამართლოს მთავარი შესასვლელი კარის შუშას აგური ესროლა და ჩაამტვრია ის. ამის შემდეგ მანდატურებმა ის დააკავეს.

„დიახ, მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ ის [წიქარიშვილი] ბრალდებულად ცნო სასამართლოს შენობაში წესრიგის დარღვევაში“, — განაცხადა სასამართლოს პრესსამსახურის თანამშრომელმა.

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს - იგივე „ბახალას" რვაწლიანი პატიმრობა შეუფარდეს

წიქარიშვილის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

„ჩვენ ვაპირებთ დღევანდელი გადაწყვეტილების პატიმრობის ნაწილში გასაჩივრებას, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალიან მკაცრი ზომა, და ის იყო მიმართული ადამიანების პროტესტის მიმართ მართლმსაჯულებაში არსებული ხარვეზებისა და უსამართლობის გამო“, — განაცხადა წიქარიშვილის ადვოკატმა ანა ნასრაშვილმა ტელეარხ „რუსთავი 2“ —ის (Rustavi2) ეთერში.

წიქარიშვილთან ერთად სასამართლოში წესრიგის დარღვევისთვის სამშაბათს ქართველი მსახიობი თორნიკე ბზიავაც დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, ვასილ მშვენიეარძემ ეს საქმე სამშაბათს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და ბზიავა 500-ლარიანი ჯარიმის გადახდის ვალდებულებით გაათავისუფლა.

რაც შეეხება გატეხილ შუშას, ამასთან დაკავშირებით საქმე აღძრულია „ნივთის დაზიანებისა ან განადგურების“ მუხლით, რაც ისჯება ჯარიმით, 100-დან 180 საათამდე ვადით სააზოგადოებრივად სასარგებლო შრომით, ერთ წლამდე ვადით გამასწორებელი სამუშაოებით ან 1-დან 3 წალმდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

პროკურატურას აღნიშნულ საქმეზე სასამართლოსთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს.

ამასთან, გიორგანაშვილის ახლობლები და მეგობრები, ასევე „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტები ხუთშაბათს საქართველოს პარლამენტის შენობასთან გამართავენ საპროტესტო აქციას სახელწოდებით „ყველა ერთისათვის“. მომიტინგეთა მთავარი მოთხოვნები იქნება გიორგანაშვილისა და წიქარიშვილის გათავისუფლება და ნარკოპოლიტიკის შეცვლა.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტებმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გიორგანაშვილის შეწყალება სთხოვეს.