თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ბათუმის მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო იუწყება, რომ ბათუმის ზოოკუთხეში საგანგაშო სტატისტიკაა — ბოლო ხუთ წელიწადში იქ 40 ცხოველი დაიღუპა, იუწყება აჭარის ტელევიზია.
დახოცილ ცხოველებს შორისაა 14 ანტილოპა. რვა ირემი და 18 პრიმატი. ბოლო ოთხ წელიწადში კი ზოოკუთხეში დაიღუპა ოთხი კენგურუ, დარჩა მხოლოდ ერთი, რომელიც პირობების არარსებობის გამო, თბილისის ზოოპარკს გადასცეს.
სპეციალისტების განცხადებით, გაზრდილი სიკვდილიანობის ფონზე შემცირებულია ზოოკუთხის მობინადრეთა შობადობა.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საგანგაშო სტატისტიკა არასათანადო პირობებთან და ცხოველებთან მომუშავე კადრების არაპროფესიონალიზმთან არის დაკავშირებული. დაწყებულია კადრების გადამზადება, ხოლო პირობებს რაც შეეხება, იგეგმება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, თუმცა, დამატები სახსრების გამოყოფაზე ბათუმის მერიამ უნდა იფიქროს.
„ზუსტად ის სტატისტიკა, რომელიც ჩვენს ზოოპარკში სიკვდილიანობის მიმართულებით არის, გვაძლევს ჩვენ უფლებას რომ ჩვენ ინტენსიურად ვიმუშაოთ ზოოპარკის პრინციპებისა და მისი სარემონტო სამუშაოების გადახედვასთან დაკავშირებით", — განაცხადა ბათუმის მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე თევზაძემ.
მისი თქმით, ცხოველებს მედი ადგილი უნდა გამოეყოს. სააგენტომ პრობლემების აღმოსაფხვრელად რუსი სპეციალისტი-ეტოლოგი მოიწვია, რომელმაც შეისწავლა და ქართველ კოლეგებს რჩევები მისცა.
სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ არასაკმარისი ფართობის ვოლიერები პრიმატების ქრონიკული დაავადებების გამწვავებას იწვევს.
ბათუმის ზოოკუთხე 1898 წელს დაარსდა. ამჟამად ის სამ ნაწილად არის გაყოფილი — ერთ სექტორში არიან პრიმატები და ფრინველები, მეორეში — ჩანთოსნები და მესამეში — ჩლიქოსნები.