თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 22 იანვარს შვეიცარიის ქალაქ დავოსში მიემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს რიგით 48-ე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში, აღნიშნულია მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
მთავრობის მეთაური 23 იანვარს მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში Strategic Outlook – Eurasia.
დაგეგმილია კვირიკაშვილის ორმხრივი მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებთან და მსოფლიოს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, „თანაინვესტირების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი. ვიზიტი 24 იანვარს დასრულდება.
მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს, რომელიც წელს 23-26 იანვარს გაიმართება, დაესწრებიან საფრანგეთის პრეზიდენტი ემანულელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, ინდოეთისა და კანადის პრემიერები ნარენდრა მოდი და ჯასტინ ტრუდო.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (World Economic Forum) — საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა. შეიქმნა 1971 წელს, როდესაც ჟენევაში სიმპოზიუმზე ევროპის 400 წამყვანი კომპანიის ხელმძღვანელი შეიკრიბა. 1971 წლიდან 1986 წლამდე ორგანიზაციას „მენეჯმენტის ევროპული ფორუმი" (European Management Forum) ეწოდებოდა.
ფორუმის პირველ შეხვედრებზე ძირითადი განსახილველი თემა კონკურენტულ ბრძოლაში დასავლეთ ევროპის პოზიციების გაუმჯობესება იყო. დროთა განმავლობაში თემატიკა თანდათან გაფართოვდა, დაემატა პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები, სამეცნიერო–ტექნიკური პროგრესის შედეგები, განვითარებადი ქვეყნების დავალიანების პრობლემები.
1970-იანი წლების შუა პერიოდში დავოსში მსოფლიოს გავლენიანი პირების მიწვევა დაიწყეს (მთავრობების წევრებისა და ბიზნესის ლიდერებისა) და უკვე მომდევნო ათწლეულში ფორუმმა წლის ერთ–ერთი უმთავრესი მოვლენის სტატუსი შეიძინა.