აჭარაში წითელას ვირუსის ლოკალური აფეთქებაა

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს აცრებისკენ მოუწოდებს, რადგან წითელას პრევენციის ერთადერთი საშუალება აცრაა.
Sputnik

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. აჭარაში წითელას  ვირუსის ეპიდემიური აფეთქებაა და ამჟამად კონტროლის ღონისძიებები მიმდინარეობს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

კონტროლის ეროვნული ცენტრის, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი აჭარაში ვირუსის აფეთქების შეკავებას შეძლებს.

„გამომდინარე იქიდან, რომ წითელა მაღალი გადამდებლობით ხასიათდება, შესაძლოა, ჩატარებული ღონისძიებები საკმარისი არ აღმოჩნდეს“,- განმარტა ზახაშვილმა.

სკანდალი ვაქცინების ირგვლივ: ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარი

ამ შემთხვევაში დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს აცრებისკენ მოუწოდებს, რადგან წითელას პრევენციის ერთადერთი საშუალება აცრაა. საქართველოში 40 წლამდე ადამიანების წითელაზე აცრა უფასოა.

„წითელას ნულოვანი მაჩვენებელი არასოდეს არ გვქონია. ცნობილია, რომ 2013-2014 წლებში გვქონდა საკმაოდ დიდი ეპიდემია, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი გახდა დაავადებული და ამის ძირითადი მიზეზი არაიმუნიზირებულობა იყო, ადამიანები არ იყვნენ აცრილები“, — განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

მისივე თქმით, თუ მოსახლეობას გრიპის ვირუსი შედარებით მშვიდად გადააქვს, წითელას შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები 30-40% აღწევს.

წითელა მწვავე ინფექციური, ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია,ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსების ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფექცია გადაეცემა მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით. ძირითადად ავადდებიან 1-დან 4 წლამდე ბავშვები. მისი მოხდის შემდეგ კი რჩება მყარი იმუნიტეტი. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 12-23 დღემდე.