აშშ-ში მოკლული ქართველის სამშობლოში გადმოსვენების ხარჯებს საქართველო დაფარავს

დავით კანდელაკთან ერთად ამერიკელი მამაკაციც არის მოკლული
Sputnik

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. აშშ-ში მოკლული ქართველი ექიმის, დავით კანდელაკის სამშობლოში გადმოსვენების ხარჯებს საქართველო დაფარავს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გუშინ მოკლულის ახლობლებმა წერილი გამოაქვეყნეს. მათი თქმით, ოჯახს ცხედრის გადმოსვენებისთვის თანხა არ აქვს და მხარდაჭერას ითხოვენ. წერილი სპეციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, სადაც ინტერნეტ-მომხმარებლები თანხას აგროვებენ.

აშშ-ში ქართველი ექიმი მოკლული იპოვეს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახს დაუკავშირდა საქართველოს საკონსულო ვაშინგტონში და დავით კანდელაკის გადმოსვენებისთვის საჭირო პროცედურები უკვე დაწყებულია.

31 წლის ქართველი ექიმი, დავით კანდელაკი აშშ-ში, კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში იპოვეს მოკლული. მასთან ერთად იპოვეს 30 წლის ამერიკელი მამაკაცის, ჯოშუა რაისის ცხედარიც. ორივე მათგანი ცეცხლსასროლი იარაღიდან არის მოკლული.

ამერიკელი სამართალდამცველების ინფორმაციით, ერთი დღით ადრე, კანდელაკის გაუჩინარების შესახებ მისმა მეუღლემ განაცხადა. ქალი პოლიციას მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც მეუღლე ფლორიდის შტატში, ქალაქ მაიამიში წინასწარ დაგეგმილ ადგილას არ შეხვდა. შეტყობინების მიღების შემდეგ პოლიციამ ქართველ მამაკაცზე ძებნა გამოაცხადა

ამჟამად ადგილობრივი პოლიცია მკვლელობაში ეჭვმიტანილების დადგენას ცდილობს.

დავით კანდელაკს მეუღლე და ტყუპი შვილი დარჩა.