მეგა-პროექტი: ბათუმში თანამედროვე სპორტკომპლექსი აშენდება

ახალი, თანამედროვე სპორტული კომპლექსი ბათუმში 23 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე განთავსდება
Sputnik

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ბათუმში დაიწყო მომზადება 3400 მაყურებელზე გათვლილი თანამედროვე სპორტკომპლექსის მშენებლობისთვის, ნათქვამია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კომპლექსი ლეონიძის ქუჩაზე, 23 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიაზე გაჩნდება. ტერიტორიაზე  გასახდელები, საპირფარეშოები, დამხმარე და საინვენტარო სათავსოები და სასტუმრო მოეწყობა. სპორტკომპლექსს ასევე ღია ავტოსადგომი ექნება.

ბათუმში მსოფლიო კლასის სტადიონი აშენდება

„ეს არის კიდევ ერთი მეგა პროექტი. სულ მალე ბათუმი მიიღებს მრავალფუნქციორ სპორტულ კომლექსს. ხედავთ, რომ ეს სიტყვაც უკვე იქცა საქმედ, სამშენებლო პროცესი დაწყებულია. აქ განთავსდება 26 სპორტული სექცია, სივრცეები, რომლებიც უმასპინძლებს არა მხოლოდ სპორტულ შეჯიბრებს, არამედ საერთაშორისო ღონისძიებებსა და გამოფენებს“, — განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ.

კომპლექსის მშენებლობა 16 თვეში დასრულდება და მისი ღირებულება 61,9 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

ეს ბათუმში სპორტული ობიექტის პირველი მასშტაბური პროექტი როდია. ქალაქში ასევე UEFA-ს სერტიფიკაციით IV კლასის სტადიონის მშენებლობა იგეგმება.