თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. გუდაურსა და ბაკურიანში „თოვლის მსოფლიო დღე“ აღინიშნა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
„თოვლის მსოფლიო დღე“ საქართველოს კურორტებზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისა“ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით აღინიშნა.
ბაკურიანის მთის კლუბების ასოციაციის ინიციატივით სხვადასხვა სახალისო შეჯიბრებები 14 წლამდე ასაკის ბავშვებში გაიმართა. ღონისძიებაში 300-მდე მოზარდი მონაწილეობდა. დღის ბოლოს კი შეჯიბრში გამარჯვებულები გამოვლინდნენ და მათ სიმბოლური პრიზები გადაეცათ.
გუდაურში, გონდოლების მოედანზე თოვლის მოყვარულები 12:00 საათიდან შეიკრიბნენ. ჩასულმა სტუმრებმა თხილამურებითა და სნოუბორდებით სახალისო შეჯიბრებაში მიიღეს მონაწილეობა. აქვე მოწყობილი იყო ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის გასართობი აქტივობაც, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
თოვლის საერთაშორისო დღე ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადეს ისეთ ცნობილ ქვეყნებში, როგორებიცაა: ავსტრია, კანადა, საფრანგეთი, ისლანდია, ნორვეგია, პოლონეთი და შვედეთი.
დღესასწაულის მიზანია ზამთრის სახეობის სპორტისადმი ინტერესის ამაღლება და ახალგაზრდებში აქტიური ცხოვრების წესის დამკვიდრებაა.