თბილისის ძველ იპოდრომთან ახალი ესტაკადა აშენდება

ახალი საგზაო ნაგებობა პიკის საათებში საცობებისგან ქალაქს განტვირთავს
Sputnik

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. თბილისის ძველ იპოდრომთან ახალი ესტაკადის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდა  — სამუშაოების ღირებულება სავარაუდოდ 2,9 მილიონ ლარს შეადგენს, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პროექტი ითვალისწინებს სატრანსპორტო კვანძის მოწყობას ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების კვეთაზე — განაცხადების მიღება 3 თებერვალს დაიწყება და 8 თებერვალს დასრულდება.

დასახელდა 14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუების გაჩერება შეიზღუდება

პროექტის რეალიზების შედეგად ესტაკადაზე გახდება შესაძლებელი მოძრაობა ცინცაძის ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით. ასევე შეუფერხებელი გახდება მოძრაობა ყაზბეგის გამზირიდან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიამრთულებით (საბურთალოს ახალი გზა).

საპროექტო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ არსებული სატრანსპორტო კვანძი ვერ უზრუნველყოფს სატრანსპორტო ნაკადების გატარებას, ხშირია საცობები, ავარიები და პიკის საათში მოძრაობა პრაქტიკულად პარალიზებულია.

პროექტის რეალიზება 2016 წელს იგეგმებოდა, მაგრამ იმის გამო, რომ ტერიტორიის ნაწილი კერძო საკუთრებას წარმოადგენდა, მშენებლობა გადაიდო.

წერილობითი რწმუნების მიღების შემდეგ, სამუშაოები ხუთთვიან ვადაში უნდა დასრულდეს.