გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის დეტალები: გიორგი ჭანტურია გაათავისუფლეს

ყოფილმა პროკურორმა გიორგი ჭანტურიამ, რომელიც დაკავებიდან 40 საათში გაათავისუფლეს, განაცხადა, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა
Sputnik

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. კახეთის რეგიონის ყოფილი პროკურორი გიორგი ჭანტურია, რომელიც გენერალ სამსონ (სოსო) ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში იყო დაკავებული, ბრალის წარდგენის გარეშე დაკავებიდან 40 საათში გაათავისუფლეს, იუწყება ტელეარხი Rustavi2.

ქუთათელაძე ორშაბათ საღამოს მოკლეს. მისი ცხედარი რუსთავში „სტამბოლის ბაზრის" საკუთარ კაბინეტში გარდაცვლილი იპოვეს. მედიის მონაცემებით, ის კომპანია „ერთობას" ერთ-ერთი თანამფლობელია, რომელსაც „სტამბოლის ბაზარი" ეკუთვნის. მის სხეულზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა ექვსი ცეცხლსასროლი ჭრილობა აღმოაჩინეს. გამოძიებას სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი აწარმოებს.

გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში ბრალდებული დააკავეს

ჭანტურია საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს. მამამისის, გურამ ჭანტურიას სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია „მაკაროვის" სისტემის პისტოლეტის ცხრა ვაზნა. ჭანტურიას ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის თქმით, ნაპოვნი ვაზნები ჭანტურიას მამას ეკუთვნის, რომელსაც ადრე ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის უფლება ჰქონდა.

„ჩამომართვეს ტელეფონი. არ მომცეს ადვოკატთან დაკავშირების უფლება და ჩემზე, პრაქტიკულად, ზეწოლა განხორციელდა, რომ ეს იყო ჩემი ჩადენილი და მეღიარებინა ეს დანაშაული“, — განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.

ადვოკატი ამტკიცებს, რომ ჭანტურია მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ ის უკანასკნელი იყო, ვინც ქუთათელაძე ცოცხალი ნახა, თუმცა მკვლელობის მომენტისათვის ჭანტურიას მყარი ალიბი გააჩნია — ის ბანკში მამასთან ერთად იმყოფებოდა.

პოლიცია კი საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებს. ჩატარდა ჩხრეკა ჭანტურიას და მისი მეუღლის სახლში, იკითხებიან მეზობლები.

ჩხრეკის ჩატარების მომენტში გიორგი ჭანტურიას მამა ზურაბ ჭანტურია შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების მანქანამ ცოტა ხნის წინ ის საავადმყოფოში გადაიყვანა, იუწყება ტელეკომპანია.

შსს-მ გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის დეტალები გაასაჯაროვა

„არ ვიცი, რას ეძებენ, ცუდად ვარ. მაშინ ვერაფერი იპოვეს, ახლა რა უნდა ნახონ“, – განაცხადა ზურაბ ჭანტურიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

მანამდე ადვოკატმა განაცხადა, რომ ჭანტურიას ოჯახს 2010 წელს „სტამბოლის ბაზრის" წილის დათმობა აიძულეს.

რაც შეეხება ქუთათელაძეს, ის ადრე საქართველოს პარლამენტის დეპუტატი იყო, მოგვიანებით კი შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სარდალი.

ქუთათელაძე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის მონაწილე იყო. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით. შტატ ჯორჯიასა და აშშ-ის არმიაში განსაკუთრებული სამხედრო დამსახურებისთვის დაჯილდოებულია მედლებით.

ქუთათელაძე აშშ-ის საპატიო გენერალ-მაიორი და საჩხერის საპატიო მოქალაქე იყო.