თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ქართველი მხატვრებისა და ოსტატების ნამუშევრები შუა აზიას მოსკოვურ გამოფენა „ტუბეტეიკაზე“ (ცენტრალური აზიის რეგიონის ტრადიციული ქუდი) შეერწყა. Sputnik-ის კორესპონდენტმა აღმოსავლურ ბაზარზე მოულოდნელად ორი ქართული სტენდი აღმოაჩინა და მათ დიასახლისებს გაესაუბრა.
ბროწეული და ფიროსმანი
ბაზრობის შესასვლელი კარვის სტილშია შესრულებული. სტუმრებს ეგებება უზბეკურ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი გოგონა. ისმის უზბეკური მუსიკა, ტრიალებს პლოვის სურნელი. ირგვლივ ფერადი ხალიჩებია, კერამიკა — ნამდვილი აღმოსავლური ბაზარია.
მით უფრო გასაკვირია აქ ქართული სტენდის და მისი დიასახლისის, ელენას ნახვა. სტენდზე წარმოდგენილია სამკაულები, რომლებიც ცხელი ტიხრული მინანქრის ტექნიკით არის შესრულებული.
ეს ხელოვნება ჩინეთში ჯერ კიდევ ჩვ. წელთაღრიცხვის IV საუკუნეში გაჩნდა, გვიამბო დიასახლისმა. ქართველმა ოსტატებმა ჩინელების ესტაფეტა მიიღეს და ისინი მინანქარზე დღემდე ხატავენ.
გამყიდველს ამშვენებს მოდილიანის ნახატის ფრაგმენტით საყურეები და ბეჭედი, რომლებიც ქართველმა ოსტატებმა დაამზადეს. დახლზე სამკაულებია კლიმტის, ფიროსმანის და ბროწეულის მინამქრული „რეპროდუქციებით“. ბროწეული კი ქალის ჯანმრთელობის სიმბოლოა.
გამოფენა ერთ კვირას გრძელდება, მაგრამ სამუშაო დღეებში მყიდველი ბევრი არაა. დიასახლისს უქმეების იმედი აქვს.
ნემსი ფუნჯის ნაცვლად
გამოფენის შესასვლელში კაშკაშა, მრავალფეროვანი ტილოებია. შორიდან ისე ჩანს, თითქოს ისინი გუაშში ან ზეთში არის შესრულებული, მაგრამ ახლოდან აღმოაჩენ, რომ ეს ნაქარგი გობელენებია.
ქართველი მხატვარი მარინა ლომთათიძე მოსკოვში ცხოვრობს და მუშაობს. ორმოცი წლის წინ მან საკერავი ნემსი ფუნჯზე შეცვალა — მას მასალის „სითბო“ მოსწონს.
მხატვრების სამყაროში ნაქარგი დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნებას ეკუთვნის და ფერწერას სტატუსით ჩამორჩება. ლომთათიძე მსგავს დისკრიმინაციას არ ეთანხმება. „ეს ბევრად შრომატევადი და რთული საქმეა. გათენებიდან დაღამებამდე ვმუშაობ, ზოგჯერ დღეში ორ-სამი საათი მძინავს“.
მხატვარს ხევსურული ეროვნული ქუდი ამშვენებს. იქვე რამდენიმე ასეთი ქუდი დევს, ყველა ხელნაკეთია. „ეს ქართული კულტურაა, კოლორიტი და ტონალობა — თავად შეხედეთ, თითქოს ცეცხლი უკიდია!“, — ამბობს მხატვარი.
„ჩემი ნახატები — გამოფენის მშვენებაა, — თავს დამსახურებულად იქებს მარინა. — ეს ჩემი საქმეა, ჩემი ცხოვრებაა“. და იქვე შეწუხდა: „ახლა მხატვრებზე ისეთი მოთხოვნა არ არის, როგორც ჩვენ ეს გვინდა. ზოგჯერ გავიფიქრებ: „მივატოვებ ყველაფერს!“
მარინა ლომთათიძის ნამუშევრები მსოფლიოს სხვადასხვა კოლექციებშია: ინგლისში, ფინეთში, საფრანგეთში, იაპონიაში. სამწუხაროდ, ოჯახური გარემოებების გამო თბილისში უკვე 20 წელი არ ყოფილა, მაგრამ 2018 წლის ზაფხულში სამშობლოში ჩასვლის იმედი აქვს.
ერთი ქუდის ქვეშ
როგორ აღმოჩნდნენ ქართველი ოსტატები აღმოსავლურ ბაზარზე, გვიამბო ფატიმა არიფჯანოვამ — გამოფენის ორგანიზატორმა.
ფატიმა დაიბადა და გაიზარდა უზბეკეთში, რუსეთში 15 წლის წინ გადავიდა და სამშობლო ძალიან ენატრებოდა. ამიტომაც გადაწყვიტა აღმოსავლეთის ოსტატების გამოფენის მოწყობა.
როდესაც ფატიმამ ინფორმაცია „ტუბეტეიკას“ შესახებ სოციალურ ქსელებში გაავრცელა, მას ქართველი, უზბეკი, აზერბაიჯანელი და სხვა ქვეყნების ოსტატები გამოეხმაურნენ.
პროექტი ჩაფიქრებულია არამხოლოდ როგორც გამოფენა-ბაზრობა. „პირველ რიგში, ის ადამიანებს სხვა ერების კულტურას შეაყვარებს, რათა მათზე სტერეოტიპულად არ იფიქრონ“, — ხაზგასმით აღნიშნავს ორგანიზატორი.
გამოფენის სახელწოდება ფატიმას შემთხვევით არ აურჩევია. „ტუბეტეიკა აერთიანებს თათრებს, ბურიატებს, ყაზახებს, ტაჯიკებს, ჩეჩნებს, უზბეკებს. ჩვენ ყველანი ერთი ქუდის ქვეშ ვართ და შეგვიძლია მშვიდობიანი და მეგობრული თანაცხოვრება“.
გამოფენის პავილიონში დგას „ნატვრის ხე“ — მასზე სტუმრების მიერ დაწერილი სურვილების ბარათები ჰკიდია.
„როდესაც ეს ნატვრის ხე აქ „დავრგეთ“, პირველი წერილი მე დავტოვე. ეს შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ ადამიანებს შორის მეგობრობასა და მშვიდობაზე დავწერე“, —გამოგვიტყდა ფატიმა.