შვილებზე ძალადობა: მშობლები ბრალს არ აღიარებენ

დაკავებული მშობლების გირაოთი გათავისუფლების თანხად 12 მლნ დოლარი დაინიშნა თითოეულზე. სასამართლოს მომდევნო მოსმენა 23 თებერვალსაა ჩანიშნული.
Sputnik

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. კალიფორნიელმა ცოლ-ქმარმა, რომლებსაც შვილებზე ძალადობისა და მათი წამების ბრალდება წაუყენეს, ბრალი არ აღიარეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ტელეარხ CNN-ზე დაყრდნობით.  

სასტიკი მშობლები: წყვილს 13 შვილი ჯაჭვით ჰყავდა დაბმული - ვიდეოკადრები

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რივერსაიდის პოლიციამ ტურპინების ოჯახური წყვილი დააკავა, რომლებსაც 13 შვილი, რომელთა ასაკი ორიდან 29 წლამდე იყო,  სახლში ჰყავდათ გამოკეტილი, ზოგი მათგანი კი ჯაჭვებით დაბმული. ოლქის პროკურორმა 57 წლის დევიდ და 49 წლის ლუიზა ტურპინებს ათობით ბრალი წაუყენეს, მათ შორის, შვილების წამება და მათზე ძალადობა. 

სასამართლო მოსმენებზე ტურპინებმა ბრალი არ აღიარეს. გირაოთი მათი გათავისუფლების თანხად 12 მლნ დოლარი დაინიშნა თითოეულ მშობელზე. მომდევნო მოსმენა 23 თებერვალსაა ჩანიშნული. 

პროკურორის თქმით, ტურპინების შვილების ფიზიკური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა — არიან გამოფიტულები და ეს მათ გონებრივ მდგომარეობაზეც აისახება. ზოგმა მათგანმა არც კი იცის, რა არის პოლიცია და ვინ არიან პოლიციის თანამშრომლები. 

იმ შემთხვევაში, თუ ტურპინებს ბრალი დაუმტკიცდებათ, სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.