რომელ პარტიას ირჩევს საქართველოს მოსახლეობა ხმის მისაცემად

NDI-ს გამოკითხვის თანახმად, 2016 წელს „ქართული ოცნებისთვის" ხმის მისაცემად მზად იყო გამოკითხულთა 15%, ხოლო ამჯერად მზადაა 31%
Sputnik

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ მმართველი პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" ქვეყნის მოსახლეობისთვის შეხედულებებით ყველაზე ახლოსაა.

კვლევის „საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში" შედეგები თბილისში წარმოადგინა NDI-ს დირექტორმა საქართველოში ლორა ტორნტონმა.

გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე „რომელი პარტიაა ყველაზე ახლოს შეხედულებებით თქვენთან?" რესპონდენტთა 31%-მა მმართველი პარტია დაასახელა.

რა აწუხებს საქართველოს მოსახლეობას?

ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შეხედულებებს იზიარებს გამოკითხულთა 10%, ხოლო სხვა ოპოზიციური საპარლამენტო პარტიების „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის" და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" – 4% და 3%. სხვა პარტიები გამოკითხულთა 6%-მა დაასახელა.

რესპონდენტთა 30%-მა აღნიშნა, რომ თავის შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას. გარდა ამისა, 5%-მა არ იცის, რომელი პოლიტიკური გაერთიანება მოსწონს, ხოლო პასუხზე უარი 12%-მა განაცხადა.

შედარებისთვის, 2017 წლის აპრილში „ქართული ოცნება" შეხედულებებით ახლოს იდგა გამოკითხულთა 29%-ისთვის, 2014 წელს — 42%-ისთვის, 2015 წელს — 21%-ისთვის და 2016 წელს — 40%-ისთვის.

დამოკიდებულება „ნაცმოძრაობის" მიმართ არ შეცვლილა 2016 წლიდან — 10%. 2014 წელს ეს მაჩვენებელი იყო 11%, ხოლო 2015 წელს — 13%.

ამასთან, კითხვაზე „ხვალ რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?", რესპონდენტთა 27%-მა „ქართულ ოცნებაზე" მიუთითა, „ნაცმოძრაობაზე" — 10%-მა, „ევროპულ საქართველოზე" – 3%-მა და სხვა პარტიებზე — 7%-მა.

საქართველოს პრეზიდენტი 2018 წლის არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

კითხვას პასუხი ვერ გასცა გამოკითხვის მონაწილეთა 15%-მა, უარი თქვა 13%-მა. არცერთ პარტიას არ მისცემს ხმას 24%.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე „ქართული ოცნებისთვის" ხმის მისაცემად მზად იყო გამოკითხულთა 15%, "ნაცმოძრაობისთვის — 13%. მაშინ „ქართული ოცნება" ჯერ კიდევ კოალიცია იყო.

2018 წლის ოქტომბერში საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. ჯერჯერობით უცნობია, ვის კანდიდატურას წამოაყენებს "ქართული ოცნება.

საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვა 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბერის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა საქართველოს 2 ათას 298 მოქალაქე. გამოკითხვის ცდომილება +/-1,9%-ს შეადგენს.