გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში ბრალდებული დააკავეს

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე კახეთის ყოფილი პროკურორი გიორგი ჭანტურია დააკავეს
Sputnik

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა გენერალ სამსონ (სოსო) ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კახეთის რეგიონის ყოფილი პროკურორი გიორგი ჭანტურია დააკავეს, რომელსაც საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ბრალდება.

ქუთათელაძე ორშაბათ საღამოს მოკლეს. მისი ცხედარი რუსთავში „სტამბოლის ბაზრის" საკუთარ კაბინეტში გარდაცვლილი იპოვეს. მედიის მონაცემებით, ის კომპანია „ერთობას" ერთ-ერთი თანამფლობელია, რომელსაც „სტამბოლის ბაზარი" ეკუთვნის. მის სხეულზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა ექვსი ცეცხლსასროლი ჭრილობა აღმოაჩინეს. გამოძიებას სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი აწარმოებს.

„დაკავებული ერთი ადამიანი 236-ე მუხლით, რომელიც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები იმის დასადგენად, დაკავშირებულია თუ არა ეს ადამიანი მომხდარ მკვლელობასთან [ქუთათელაძის]", — განაცხადა შსს-ს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия.

შსს-მ გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის დეტალები გაასაჯაროვა

ასევე გაირკვა, რომ დაკავებული კახეთის რეგიონის ყოფილი პროკურორი გიორგი ჭანტურიაა, რომლის ოჯახის წევრებს წლების განმავლობაში ბაზრის წილი ჰქონდათ. ჭანტურიას დაკითხვის შემდეგ პოლიციამ მისი მამის, გურამ ჭანტურიას სახლში ჩხრეკა ჩაატარა და „მაკაროვის" სისტემის პისტოლეტის ცხრა ვაზნა ამოიღო.

ჭანტურიას ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის თქმით, ნაპოვნი ვაზნები ჭანტურიას მამას ეკუთვნის, რომელსაც ადრე ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის უფლება ჰქონდა. ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ ჭანტურიას ოჯახს 2010 წელს „სტამბოლის ბაზრის" წილის დათმობა იძულეს.

რაც შეეხება ქუთათელაძეს, ის ადრე საქართველოს პარლამენტის დეპუტატი იყო, მოგვიანებით კი შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სარდალი.

ქუთათელაძე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის მონაწილე იყო. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით. შტატ ჯორჯიასა და აშშ-ის არმიაში განსაკუთრებული სამხედრო დამსახურებისთვის დაჯილდოებულია მედლებით.

ქუთათელაძე აშშ-ის საპატიო გენერალ-მაიორი და საჩხერის საპატიო მოქალაქე იყო.