თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველოს ისტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამიტზე „XXI საუკუნის მმართველობა“ კარიბის აუზის ქვეყნების წარმომადგენლებს იუსტიციის სახლების და საზოგადოებრივი ცენტრების მუშაობის კონცეფცია გააცნო, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სამიტი, რომელზეც წულუკიანი ორშაბათს გაემგზავრა, ანტიგუა და ბარბუდაში მიმდინარეობს.
„თუკი თქვენ ცხოვრობთ საქართველოს 51 სოფლიდან ერთ-ერთში, სადაც საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს, შეგიძლიათ, სოფლიდან გაუსვლელად მიიღოთ ყველა სერვისი, რომლებიც დიდ ქალაქებში იუსტიციის სახლებში გაიცემა (დაბადების, ქორწინების, პირადობის მოწმობები, პასპორტი, საკუთრების რეგისტრაცია და სხვა); ამას გარდა, ისარგებლოთ ბიბლიოთეკით; თავისუფალი ინტერნეტით; საზოგადოებრივი დარბაზით, სადაც შეკრებებისა და აქტუალური საკითხის განხილვისთვის, ასევე, ტრენინგებისთვის საჭირო გარემოა შექმნილი; ბანკისა და მობილური ოპერატორების მომსახურებით“, — ციტირებს წულუკიანს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მსოფლიო რეიტინგების ლიდერების სიაშია, მათ შორის ღია მმართველობის, მართლმსაჯულების უზენაესობის, ბიზნესის წარმართვის სიმარტივის და სხვა კუთხით.
„საქართველო ერთ-ერთი ყველაზე კორუფციული ქვეყნიდან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დაბალი კორუფციის მაჩვენებლის მქონე ქვეყნად იქცა. დღეს საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თავმჯდომარეა, რაც ზემოთ ხსენებული მიღწევის საერთაშორისო აღიარებაა“, — განაცხადა წულუკიანმა.
2017 წლის სექტემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა OGP-ს თავმჯდომარეობა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან ოფიციალურად მიიღო. საქართველო ორგანიზაციის თანათავმჯდომარე 2016 წლის მაისში გახდა, რაც შემდგომ თავმჯდომარეობას გულისხმობდა. გასული წლის დეკემბერში გახდა ცნობილი, რომ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტი, რომელიც 75 ქვეყანას აერთიანებს, საქართველოში 2018 წლის ზაფხულში გაიმართება.
წულუკიანმა კარიბის აუზის ქვეყნების წარმომადგენლები თბილისში სამიტზე მოიწვია.
„ჩვენ ამ ზაფხულს ვუმასპინძლებთ „OGP“-ის გლობალურ სამიტს თბილისში, სადაც მაქვს პატივი, როგორც პარტნიორობის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, კარიბის ზღვის ქვეყნები ჩემი მთავრობის სახელით მოგიწვიოთ“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
თეა წულუკიანის სამუშაო ვიზიტი ანტიგუა და ბარბუდაში 19 იანვარს დასრულდება.
სამიტი „XXI საუკუნის მმართველობა“ ორგანიზებულია ანტიგუას და ბარბუდას მთავრობის მიერ კარიბის ტელესაკომუნიკაციო გაერთიანებასთან ერთად. სამიტი ტარდება პირველად და სამოქალაქო სერვისების სფეროში ციფრული ტექნოლოგიების ეფექტურ გამოყენებაზეა მიმართული.