პოლიციელისა და დაცვის თანამშრომლების დაჭრაში ბრალდებული დააკავეს

პროკურატურამ დაარწმუნა სააპელაციო სასამართლო, რომ თბილისში სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული პატიმრობაში უნდა იყოს
Sputnik

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გირაოს აღკვეთის ზომა გამოძიების პერიოდში პატიმრობით შეცვალა თამაზ ქვლივიძისთვის, რომელსაც ბრალად ედება პოლიციელზე და დაცვის თანამშრომლებზე თავდასხმა მას შემდეგ, რაც ის ერთ-ერთ პოპულარულ კლუბ „ბასიანში" არ შეუშვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ქვლივიძე სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. ინციდენტი 13 იანვარს ღამით მოხდა. მას ბრალად ედება, რომ ფეისკონტროლზე მან ამოიღო დანა და კლუბის დაცვის თანამშრომელს დაესხა თავს. შედეგად დაიჭრა დაცვის ორი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის შინაგან საქმეთა სამმართველოს მეოთხე განყოფილების უფროსის მოადგილე თამაზ საველიევი, რომელიც შემთხვევის ადგილზე მივიდა.

„კომპრომისი არ იქნება" – შს მინისტრი პოლიციელთა უსაფრთხოებაზე

ქვლივიძე მაშინვე დააპატიმრეს, მაგრამ თბილისის საქალაქო სასამართლომ ის 30 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ეს გადაწყვეტილება პროკურატურამ გაასაჩივრა.

რამ გამოიწვია სასამართლოს ასეთი ლოიალური დამოკიდებულება ბრალდებულისადმი, უცნობია, თუმცა, კლუბის თანამფლობელმა ნაჯა ორაშვილმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა, რომ ბრალდებული პრივილეგირებული ოჯახიდანაა. მოგვიანებით ქართულ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენის, პაატა ქვლივიძის ვაჟია.

ქვლივიძის გათავისუფლებამ არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციისა და თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს უკმაყოფილება გამოიწვია. სამშაბათს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ როდესაც პოლიციელების უსაფრთხოებაზეა საუბარი, კომპრომისები არ იქნება.

ბრალდებულს ბრალი სსკ–ის მუხლებით – „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება", „ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება", აგრეთვე „წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ" – წარედგინა, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს.