ხაშურში დაჭრილი მოზარდების საქმეზე ერთი პირი დააკავეს

ერთ-ერთი დაჭრილი მოზარდი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება
Sputnik

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ხაშურში 14 იანვარს, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ინციდენტის მონაწილე, რომელმაც ორი მოსწავლე დაჭრა, დაკავებულია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული გ.ც. ხაშურში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი ქმედება 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", — განაცხადა მეზვრიშვილმა.

ხაშურში მეთორმეტე კლასის ორი მოსწავლე დაჭრეს

მისივე განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 14 იანვარს, ხაშურში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით სხეულის მრავლობითი დაზიანება მიაყენა 2 არასრულწლოვანს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებულებიდან ერთი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, ის ხაშურის საავადმყოფოდან დღეს გაწერეს, რაც შეეხება მეორე არასრულწლოვანს, მას უკვე გაუკეთეს ოპერაცია. ექიმების ინფორმაციით, პაციენტი გადაყვანილია პალატაში და ამჟამად იგი მედიკოსების ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.