საპროტესტო აქცია სარფში: რას აპროტესტებენ აქციის მონაწილეები

აქამდე თურქეთის ტერიტორიაზე ერთი დღის განმავლობაში განხორციელებული შესვლა-გამოსვლა ბაზაში არ ფიქსირდებოდა და, შესაბამისად, არ აკლდებოდა უვიზოდ სარგებლობის 90-დღიან უფლებას
Sputnik

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. თურქეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

აქციის მონაწილეები თურქეთ-საქართველოს საზღვარზე დაწესებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ.

რეგულაციების მიხედვით, 2018 წლის 1 იანვრიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც თუნდაც ერთი საათით გადაკვეთს თურქეთის ტერიტორიის საზღვარს, ეს ქვეყანაში ერთდღიან ვიზიტად ჩაეთვლება. ეს გადაწყვეტილება ვრცელდება თურქეთის ყველა გამტარ პუნქტზე და ეხება ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

საქართველოდან თურქეთისკენ საზღვრის გადაკვეთის წესები შეიცვალა

სარფში, საპროტესტო აქციაზე შეკრებილი არიან სწორედ ის ადამიანები, ვინც თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს ქალაქებში მუშაობენ. მათი თქმით, თურქეთის ტერიტორიაზე შესვლის 90-დღიანი ვადის გამოყენების შემდეგ, მომდევნო 3 თვის განმავლობაში მეზობელ ქვეყანაში ბინადრობის უფლებისა და სამუშაო ვიზის გარეშე ვეღარ შევლენ. აქციის მონაწილეების თქმით, ამ შეზღუდვის გამო ისინი შემოსავლის გარეშე რჩებიან.

აქამდე თურქეთის ტერიტორიაზე ერთი დღის განმავლობაში განხორციელებული შესვლა-გამოსვლა ბაზაში არ ფიქსირდებოდა და, შესაბამისად, არ აკლდებოდა უვიზოდ სარგებლობის 90-დღიან უფლებას.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თურქეთის ტერიტორიაზე ყოფნა, სავიზო თუ უვიზო რეჟიმით, 180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღეზე მეტი ვადით არ შეუძლიათ. 90 დღეზე მეტი ხნით ყოფნის საჭიროების შემთხვევაში კი მათ მოუწევთ ბინადრობის უფლების მიღება. შესაბამისი ბინადრობის ნებართვის მიღების შემთხვევაში შესაძლებელია ქვეყანაში დარჩენის უფლების გახანგრძლივება.

შესაბამისად, ახალი რეგულაციიდან გამომდინარე, ნახევარი წლის განმავლობაში თურქეთის საზღვრის მაქსიმუმ 90-ჯერ გადაკვეთის შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თურქეთის ტერიტორიაზე შესვლისთვის ოფიციალური ბინადრობის უფლების მოპოვება დასჭირდებათ.

2011 წლიდან საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში უვიზო რეჟიმით 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში საერთო ჯამში 90 დღით დარჩენის უფლება აქვთ.