სასტიკი მშობლები: წყვილს 13 შვილი ჯაჭვით ჰყავდა დაბმული - ვიდეოკადრები

პოლიციას მშობლების სისასტიკის თაობაზე შინიდან გაქცეულმა 10 წლის გოგონამ შეატყობინა
Sputnik

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. რივერსაიდის (აშშ, კალიფორნია) პოლიციამ დააკავა ცოლ-ქმარი, რომლებსაც თავიანთი 13 შვილი სარდაფში ჰყავდათ გამოკეტილი, ზოგი მათგანი კი — ჯაჭვით დაბმული, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости რივერსაიდის პოლიციის შერიფის ოფისზე დაყრდნობით.

​როგორც პოლიცია აცხადებს, 14 იანვრის დილას 10 წლის გოგონამ მოახერხა სახლიდან გაქცევა და 911-ზე დარეკვა. გოგონამ მათ უთხრა, რომ მის მშობლებს სახლში კიდევ 12 შვილი ჰყავდათ გამომწყვდეული და ჯაჭვით დაბმული.

„გოგონასთან მოკლე საუბრის შემდეგ, პოლიციამ 57 წლის დევიდ ალენ ტურპინი და 49 წლის ლუიზა ანა ტურპინი დააკავა საკუთარ სახლში“, — ნათქვამია შერიფის ოფისის განცხადებაში.

სამართალდამცველებმა სახლის ბნელ და უჰაერო სათავსოში ორიდან 29 წლამდე ასაკის 12 ადამიანი აღმოაჩინა, რომელთაგან ზოგი საწოლებზე იყო ჯაჭვით დაბმული. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე, ვინაიდან დიდი ხნის უჭმელები იყვნენ.

პოლიციამ მშობლების ტყვეობიდან გათავისუფლებულები  ჯერ განყოფილებაში გადაიყვანა გამოსაკითხად, შემდეგ კი საავადმყოფოში, სადაც მათ გამოკვლევები ჩაუტარდათ.