„ბასტეტი“- თვითნასწავლი დიზაინერის მიერ შექმნილი ხელმისაწვდომი „ფუფუნება"

ხელნაკეთი სამკაულის დამზადების ხელოვნება მაღალკვალიფიციურ ხელოსანს, საუკეთესო ხარისხის მასალას და დახვეწილ გემოვნებას მოითხოვს. თუ ეს სამი კომპონენტი გაერთიანებულია, შედეგიც საუკეთესოა.
Sputnik

ლალი ცინცაძე თვითნასწავლი დიზაინერია. სუტაჟის თასმით ხელნაკეთ სამკაულს ქმნის. ამბობს, რომ ეს მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ბედნიერია, რომ საკუთარ თავში ეს ნიჭი აღმოაჩინა.

ლალი ცინცაძე

— პროფესიით ვიზაჟისტ-კოსმეტოლოგი ვარ. თუმცა ძალიან მიყვარს ხელსაქმე და დავინტერესდი სამკაულის დიზაინით. ვარ თვითნასწავლი დიზაინერი. შევქმენი ბრენდი „Bastet LTS / ბასტეტი“ და ქალბატონებისთვის ვქმნი სამკაულს.

- რატომ აირჩიეთ ეს ხაზი?

— როგორც გითხარით ხელსაქმე ძალიან მიყვარს, ჩემთვის ვაკეთებდი სხვადასხვა აქსესუარს, თუმცა ასე შორს თუ წავიდოდი არც მიფიქრია. დაახლოებით ერთი წლის წინ გავაკეთე საყურე, რომლის ფოტო ავტვირთე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე. საყურემ დიდი მოწონება დაიმსახურა… ასე დაიწყო ყველაფერი.

- რა მასალით იქმნება თქვენი სამკაული და რით არის ეს მასალა გამორჩეული?

— თავდაპირველად ტყავსა და თექაზე ვმუშაობდი, თუმცა ამჟამად ვმუშაობ სუტაჟის თასმით, როგორც ხელოვნური ასევე ბუნებრივი ქვებით. სუტაჟი არის წვრილი თასმა, რომლისგანაც მზადდება სამკაული. თითოეული დეტალი იკერება ხელით და ხარვეზიც ადვილი შესამჩნევია.

საყურეები

- რას ნიშნავს თქვენთვის ლამაზი სამკაული?

— სამკაული უნდა იყოს ლამაზი და შესამჩნევი, მითუმეტეს თუ ის ხელით იქმნება. ჩემთვის სილამაზე ხარისხთან და დახვეწილობასთან ასოცირდება და მას რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქალის ცხოვრებაში. ინდივიდუალურად შექმნილი სამკაული ქალის ხასიათს განსაკუთრებულად უსვამს ხაზს, რაც საბოლოო ჯამში, მის გემოვნებაზე აისახება. შესაბამისად, თითოეული პროდუქციის შექმნის დროს, მისი მომავალი მფლობელის ხასიათსა და მოთხოვნებს  ვითვალისწინებ.

- სამკაულისა და აქსესუარის დიზაინი თქვენ გეკუთვნით?

— დიახ, მე მეკუთვნის, თუმცა ვიღებ შეკვეთებსაც, რომლის დროსაც მომხმარებლის სურვილებს და გემოვნებას ვითვალისწინებ.

საყურე

- თქვენს ცხოვრებაში არის ადამიანი ვის რჩევას, მითითებას, კრიტიკას ითვალისწინებთ?

— საკუთარი თავის კრიტიკოსი მე თვითონაც ვარ. ხელოვანი ადამიანი თავისი ნამუშევრით არასდროს არის კმაყოფილი, მაგრამ ამასთანავე ჩემი დიდი კრიტიკოსია ჩემი და, რომლის აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი დიდი გულშემატკივარია ჩემი ოჯახი და ასევე მეგობრები.

- რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ფერები და რის მიხედვით არჩევთ მათ?

— ზოგიერთ შემთხვევაში წინასწარ ვგეგმავ რა ფერებით შევქმნი სამკაულს, მაგრამ მუშაობის პროცესში შემიცვლია კიდეც, როგორც ფერები, ასევე დიზაინი. ვითვალისწინებ რა ფერია მოდაში და რა ფერები მოსწონს დამკვეთს.

საყურე

- რეალიზებას როგორ და სად ახდენთ?

— ჩემი სამკაული წარმოდგენილია თბილისში ერთ-ერთ მაღაზიაში. თუმცა ძირითადად, ონლაინ იყიდება. ნებისმიერი სახის შეკვეთასაც ვიღებ. ასევე ვმონაწილეობ სხვადასხვა გამოფენებში, სადაც ძირითად მყიდველებს შორის უცხოელები არიან.

- მამაკაცები  აქტიურები არიან? ხშირად გიკვეთავენ საყვარელი ქალისთვის სამკაულს?

— დიახ, ხშირად შეუკვეთავთ მამაკაცებსაც. ფერებს მეუბნებიან, თუმცა დიზაინის და სტილის შერჩევაში ძირითადად ჩემს გემოვნებას ენდობიან.

- ქალის ხასიათის რა თვისებებზე მეტყველებს აქსესუარი, სამკაული?

— როგორც უკვე აღვნიშნე სამკაული ქალის  ინდივიდუალიზმს ყველაზე უკეთ უსვამს ხაზს. შესაბამისად ქალბატონი, რომელიც გამორჩეულ სამკაულს ატარებს, ხელოვნების და სილამაზის მიმართ განსაკუთრებულად მგრძნობიარეა. სამკაული, რომლის დიზაინიც არ მეორდება, ინდივიდუალიზმის განმსაზღვრელია. სწორედ ამიტომ „ბასტეტის“ პროდუქცია  არასდროს მეორდება და მხოლოდ იმ ქალბატონისთვისაა შექმნილი, რომელიც მისი მფლობელი ხდება. აქედან გამომდინარე, ხელნაკეთი სამკაული მფლობელს დამაჯერებელსა და გამორჩეულს ხდის.

საყურე

- რა ფერის და როგორი სტილის სამკაულია დღეს მოდური?

— დღეს მოდურია შავი, წითელი და ყვითელი ფერები, მაგრამ ასევე შეკვეთის შემთხვევაში სხვადასხვა ფერებს მოითხოვენ.

- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

— სამომავლოდ რა თქმა უნდა პროდუქციისა და რეალიზაციის არეალის გაფართოებას ვგეგმავ. შესაძლებელია ასევე ქართველ დიზაინერებთან თანამშრომლობა და პროდუქციის ექსპორტზე გატანა.