თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ასობით ათასი ფრანგი მოითხოვს რუსეთისგან, მეფისდროინდელი ობლიგაციების განაღდებას, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 30 მლრდ ევროა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости რადიოსადგურ RFI-ზე დაყრდნობით.
1867 წელს რუსეთის სარკინიგზო კომპანიებმა სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება დაიწყეს, რომლებიც ოქროთი იყო გამყარებული. მომდევნო სამი ათწლეულის განმავლობაში ფრანგმა ინვესტორებმა პროექტში 15 მლრდ ფრანკი (53 მლრდ ევრო) ჩადეს.
მეანაბრეთა ნაწილმა მოგება მიიღო, ნაწილი კი ხელმოცარული დარჩა, ვინაიდან 1918 წელს ვლადიმირ ლენინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას მეფის ხელისუფლების ვალების გადახდაზე უარის შესახებ. 1997 წელს კი მოსკოვსა და პარიზს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთს გასტუმრებული აქვს იმპერიისდროინდელი ვალები.
მიუხედავად ამისა, ფრანგი ინვესტორების დაახლოებით 400 ათასამდე მემკვიდრე მაინც მოითხოვს დავალიანების დაფარვას და საკუთარ პრეტენზიებს იმით ამყარებენ, რომ „რუსეთი სულაც არ არის ბანკროტი“.
„სახელმწიფო ვალს არ გააჩნია ხანდაზმულობის ვადა. [რუსეთმა] უნდა გადაიხადოს. ასეთია თამაშის წესები“, — განუცხადა რადიოსადგურს ერთ-ერთმა მემკვიდრემ.