თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით 15 იანვარს ოფიციალური ვიზიტით ლატვიაში გაემგზავრება, აღნიშნულია ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
დაგეგმილია კობახიძის შეხვედრა ლატვიის პრეზიდენტ რაიმონდ ვეიონისთან და სეიმის თავმჯდომარე ინარა მურნიეცესთან. ვიზიტის ფარგლებში კობახიძე და მურნიეცე ხელს მოაწერენ მემორანდუმს ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
„მემორანდუმი საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის გაღრმავებას, საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციებში კოორდინირებულ თანამშრომლობასა და პარლამენტების აპარატების თანამშრომლებისთვის გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას ითვალისწინებს", — აღნიშნულია განცხადებაში.
ასევე დაგემილია კობახიძის შეხვედრა საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტ ინეტა ზიემელესთან, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩთან, ეკონომიკის მინისტრ არვილს აშერადენსთან და ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის დირექტორ იანის სარტსთან.
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ლატვიაში 17 იანვარს დასრულდება.