სისხლიანი ავარია ბრაზილიაში: 13 ადამიანი დაიღუპა

ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა, ერთ-ერთი იყო სატვირთო, რომლის ტვირთს ცეცხლი გაუჩნდა
Sputnik

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ბრაზილიის შტატ მინას-ჟერაისში რამდენიმე ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა, 39 დაიჭრა, იუწყება „Sputnik-ბელარუსი“.

წინასწარი მონაცემებით, ერთმანეთს შეეჯახა ორი მიკროავტობუსი, ორი ჯიპი და სატვირთო, რომელსაც ქაღალდის პარტია გადაჰქონდა. შეჯახების შედეგად გაჩნდა ცეცხლი, რომელიც ტვირთს მოედო.

ავარიის გამო ორივე მიმართულებით გადაიკეტა ქალაქ ბელუ-ორიზონტისკენ მიმავალი გზატკეცილი. შედეგად წარმოიქმნა 20-კილომეტრიანი საცობი.

დაშავებულთა უმრავლესობამ მსუბუქი ტრავმები მიიღო, იუწყებიან შტატის სამაშველო სამსახურები. მაგრამ ერთი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ათამდე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.