თბილისში 49 ოჯახს მიწის ნაკვეთები დაუკანონდა

მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში წლების განმავლობაში დაუკანონებელ ფართებში ცხოვრობენ, დედაქალაქის მთავრობა საცხოვრებლებს და საკარმიდამო ნიწის ნაკვეთებს სიმბოლურ ფასად დაუკანონებს.
Sputnik

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. თბილისში, მეტრომშენის დასახლებაში მცხოვრები 49 ოჯახი იმ საკარმიდამო მიწის ნაკვეთების კანონიერი მფლობელები გახდება, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ჰქონდათ სარგებლობაში, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებდნენ დაკანონებას, ნათქვამია თბილისის მერიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, ყვარლის, ტვიშის, უშაკოვისა და ყვარლის II შესახვევის ქუჩებზე არსებულ 24 „ფინურ სახლში“ მცხოვრებ 49 ოჯახს, რომლებმაც სრულყოფილი დოკუმენტაცია წარმოადგინეს, მიწის ნაკვეთები კანონიერ მფლობელობაში გადაეცათ.

ბინა ერთ ლარად: თბილისის მერიამ 38 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონა

„49 ოჯახია, ვისაც მიწები დაუკანონდათ და საკუთრებაში გადაეცემათ. ისედაც მათი იყო, უბრალოდ დაკანონებული არ ჰქონდათ, რის გამოც, ძალიან ბევრ პრობლემებს აწყდებოდნენ. როცა რამის აშენება სჭირდებოდათ, შეუძლებელი იყო, რადგან ეს ყველაფერი უკანონოდ ითვლებოდა. დღეიდან, ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარ მიწაზე განახორციელონ ის პროექტები, რომლებიც მათ სურთ”, — განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ისნის რაიონში, მეტროს სამშენებლო პროცესში ჩართული სპეციალისტებისთვის ე.წ. ფინური სახლების მშენებლობა 1952 წელს დაიწყო. თითოეულ ფინურ სახლს 300-დან 600 კვადრატულ მეტრამდე საკარმიდამო მიწის ნაკვეთი აქვს, სადაც ორი ან სამი ოჯახი ცხოვრობს. 

თბილისის მერიის ინიციატივით, მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში წლების განმავლობაში დაუკანონებელ ფართებში ცხოვრობენ, დედაქალაქის მთავრობა საცხოვრებლებს და საკარმიდამო ნიწის ნაკვეთებს სიმბოლურ ფასად დაუკანონებს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საცხოვრებელი ფართები ჯამში 132 ოჯახს დაუკანონდა და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.