ზაფხულიდან ჭიათურაში განახლებული საბაგიროები ამოქმედდება

მუნიციპალური განვითარების ფონდი ჭიათურაში განთქმული საბაგირო გზების კაპიტალურ რემონტს ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებისთვის დაასრულებს
Sputnik

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ჭიათურაში საბაგიროებისა და გონდოლების განახლება მაქსიმუმ 2018 წლის ზაფხულის დასაწყისისათვის დასრულდება, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ,  მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გაგი ბუაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში.

პროექტი გულისხმობს 3-კილომეტრიანი საბაგირო გზების განახლებას ჭიათურის ცენტრიდან ოთხი მიმართულებით — სანატორიუმის, ნაგუთის, ლეჟუბანისა და მუხაძის მიმართულებით.

„მსხვილი პროექტებიდან აღსანიშნავია ჭიათურის საბაგიროს სრული რეაბილიტაცია. როგორც თქვენთვის ცნობილია, ურთულესი რელიეფის გამო, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილება ძალიან უჭირს… ძალიან მალე, გაზაფხულის ბოლოს — ზაფხულის დასაწყისში, ვფიქრობთ, ეს გზები უკვე ამოქმედდება, და მოსახლეობა უსაფრთხო გადაადგილებას შეძლებს“, — განაცხადა ბუაძემ.

მწვანე კონცხსა და შავი ზღვის სანაპიროს საბაგირო გზა დააკავშირებს

ბუაძის თქმით, მსგავსი კაპიტალდაბანდება ჭიათურაში ათეულობით წლების განმავლობაში არ განხორციელებულა.

საქართველოში უკვე ჩამოტანილია 15-20-ადგილიანი რვა გონდოლა, რომელთა მონტაჟს ფრანგული კომპანია Pomagalsk-ის წარმომადგენლები შეასრულებენ. გონდოლები სწორედ ამ კომპანიაში შეიძინეს.

მთლიანად ჭიათურის საბაგირო გზის სიგრძე 3428 მეტრია, აქედან სანატორიუმის მიმართულებით — 862 მეტრი, ნაგუთის — 1081 მეტრი, ლეჟუბანის — 845 მეტრი, ხოლო მუხაძის მიმართულებით 640 მეტრი. 

 პროექტი საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამური ღირებულება 40 მილიონ ლარამდეა. აქედან 13,2 მილიონი ევრო ფრანგულ მხარეს ეკუთვნის.

Вагончик канатной дороги в Чиатура

ჭიათურის მოსახლეობისთვის საბაგირო მთავარ სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენს. ყოველდღიურად საბაგიროებით ათი ათასამდე ადამიანი სარგებლობს. საბაგირო გზა ჭიათურაში 1954 წელს ამუშავდა და საბჭოთა კავშირში პირველი საბაგირო გზა იყო, რომელიც მგზავრებს ემსახურებოდა. ის დღემდე ფუნქციონირებს და ადგილობრივ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

დღეისათვის ჭიათურაში 15 მოქმედი საბაგირო გზაა. მათი უმრავლესობა, იმ საბაგიროების გამოკლებით, რომელთა მოდერნიზებაც იგეგმება, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ (Georgian Manganese) ეკუთვნის. ოთხი საბაგირო ადგილობრივი ხელისუფლების ბალანსზე ირიცხება.