საქართველოში გატაცებულ მუხთარლის აზერბაიჯანში 6 წლით პატიმრობა მიესაჯა

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის სასამართლო განაჩენთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კომენტარი გააკეთა
Sputnik

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ოპოზიციონერი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გაიტაცეს, აზერბაიჯანის ბალაკენის რაიონულმა სასამართლომ 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა, იუწყება РИА Новости.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა.

„არსებული ცნობებით, ბატონი მუხთარლი საქართველოში 30 მაისს გაიტაცეს და შემდგომში დააპატიმრეს აზერბაიჯანში კონტრაბანდის საკითზე და მასთან დაკავშირებული ბრალდებით, რაც, როგორც ცნობილია, პოლიტიკურად მოტივირებულია“, — ნათქვამია განცხადებაში.

მუხთარლი თბილისიდან მაისის ბოლოს გაუჩინარდა. შემდეგ გაირკვა, რომ ის დაკავებულია და ბაქოში იმყოფება. იქ მას ბრალად ედება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, კონტრაბანდა და პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ბაქოს სასამართლომ მას 31 მაისს პატიმრობა მიუსაჯა. 

ევროსასამართლომ მუხთარლის საქმეს სტატუსი „პრიორიტეტული“ მიანიჭა

ჟურნალისტის ოჯახი ამტკიცებს, რომ ის გაიტაცეს, ჩაუდეს ფული და აზერბაიჯანში ფარულად გადაიყვანეს. საქართველოს შსს-მ „თავისუფლების უკანონო აღკვეთის“ მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

მუხთარლის საქმემ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ქართული მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თბილისში მის მხარდასაჭერად აქციები არაერთხელ გამართეს.

მუხთარლის დაპატიმრებას რეაქცია უცხოეთშიც მოჰყვა. დროულ და გამჭვირვალე გამოძიებას ელოდებიან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, საერთაშორისო ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრების გარეშე", ევროპის საბჭო, საგარეო პოლიტიკური საქმიანობის ევროპული სამსახური და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები.

აზერბაიჯანში მასმედიასთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე და მუხთარლის საქმეზე ევროპარლამენტმა სპეციალური რეზოლუციაც მიიღო.

2017 წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ტერიტორიაზე მუხთარლის გატაცებას სერიოზული ჩავარდნა უწოდა.

მომხდარის შემდეგ კონტრდაზვერვის და სასაზღვრო პოლიციის უფროსების დათხოვნას მან საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ადექვატური რეაქცია უწოდა. ამასთან პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი ბრალეულობა დამტკიცებული არ არის, თუმცა მათ მომხდარზე პოლიუტიკური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეს.