თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. საქართველოს ნაკრები ხელბურთში ლატვიის გუნდთან ანგარიშით 21:24 დამარცხდა მსოფლიო-2019-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, რომელიც კლაიპედაში გაიმართა.
შეხვედრის პორველი ნახევარი ქართველი ხელბურთელების სასარგებლოდ ანგარიშით 12:11 დასრულდა. ასეთი შედეგი გოლკიპერ შოთა თევზაძის შესანიშნავ თამაშს მოყვა, რომელმაც საერთო ჯამში ექვსიდან ხუთი შვიდმეტრიანი დარტყმა მოიგერია.
ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა გიორგი ცხოვრებაძემაც, რომელიც მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. 16 წლის სპორტსმენის ანგარიშზეა შვიდი გატანილი ბურთი. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ხელბურთელისთვის ასეთი დონის შეხვედრა პირველი იყო.
მიუხედავად თევზაძისა და ცხოვრებაძის შთამბეჭდავი თამაშისა, მეორე ტაიმში ლატვიის ნაკრებმა ინიციატივა მოიპოვა და დროის დარჩენილი მონაკვეთი ანგარიშით 13:9 მოიგო, საბოლოოდ მატჩი ანგარიშით 24:21 დასრულდა.
ჯგუფის მეორე მატჩში ლიტვის ნაკრებმა ისრაელის ნაკრები ანგარიშით 36:20 დაამარცხა.
შაბათს ქართველი ხელბურთელები ტურნირის მეორე მატჩს გამართავენ. მათი მეტოქე ლიტვის გუნდი იქნება. მეორე შეხვედრაში ისრაელი და ლატვია დაუპირისპირდებიან.
მსოფლიო-2019-ის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში, რომელიც გერმანიასა და დანიაში გაიმართება, მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადადის.
მამაკაცთა შორის მსოფლიო ჩემპიონი ხელბურთში საფრანგეთის ნაკრებია, რომელმაც ბოლო ხუთი მსოფლიო ჩემპიონატიდან ოთხი მოიგო.