რას სთავაზობს ბაკურიანი დამსვენებლებს - მომსახურება და ფასები

ამ დროისთვის საართველოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში თოვლის საფარი დაახლოებით 0,30 მეტრია.
Sputnik

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. უკვე მრავალი წელია სამთო-სათხილამურო კურორტი ბაკურიანი დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ტურისტებს შორის. Sputnik საქართველო შეეცადა გაერკვია რა დაუჯდებათ ტურისტებს ბაკურიანში დასვენება: 

კურორტზე სასტუმროს ფასები, მომსახურების ხარისხის მიხედვით, 1 პერსონაზე 30 ლარიდან იწყება. შესაძლებელია, როგორც ცალკეული ნომრების, ასევე სრულად კოტეჯის დაქირავება და თუ მეგობრების დიდ ჯგუფთან ერთად აპირებთ დასასვენებლად წასვლას, ეს უკანასკნელი უფრო იაფი დაგიჯდებათ. 

დამსვენებლები ბაკურიანში

ბაკურიანში ყველაზე პოპულარული გასართობი საშუალებაა თხილამურები. თხილამურებისგან ერთ საათიანი სპორტული სიამოვნების მიღება სულ რაღაც 5 ლარი ღირს, ნახევარი დღით ქირაობა კი — 10 ლარი. დილეტანტ მოთხილამურეს დაეხმარება მასწავლებელი, რომლის საათობრივი მომსახურეობა 25 ლარია.

კურორტზე არის 14 — კილომეტრიანი 7 სათხილამურო გზა, რომელიც გათვლილია ყველა ტიპის მოთხილამურეზე.

არის ოთხი საბაგირო — გონდოლას ტიპის, სკამებიანი (ბაბლი), ბიგელი და ფუნიკულიორი. საბაგირო ყოველდღე 10:00-17:00-მდე მუშაობს.

დიდველის ტრასაზე სრიალი ღამეც შესაძლებელია — დამონტაჟებულია მაღალტექნოლოგიური ფერადი, ე.წ. ლედ-განათებები.

„თოვლის უდაბნოში“ დამსვენებლებს, კურორტის დათვალიერება ადგილობრივი სამოგზაურო ტურების ფარგლებში კვადროციკლით და ბურანით შეუძლიათ. ტურის ღირებულება კაცზე 100-120 ლარია.

ბაკურიანი

კურორტზე ბურანით ერთ კილომეტრიანი წრის დაფარვა ხუთი ლარი ღირს, ერთი საათით ქირაობა კი — 180 ლარი. თუ ბურანით პირველად სარგებლობთ, სტუმართმოყვარე მეპატრონეები დაგეხმარებიან მართვის ადვილად ათვისებაში.

ცხენებით ჯირითის მოყვარულებს შეუძლიათ ცხენებით გასეირნება, რაც ერთი საათი 30 ლარი ღირს, 500 მეტრიანი ერთი წრის დაფარვა კი — 5 ლარი. ასევე შეგიძლიათ იქირავოთ ფაეტონი საათში 30 ლარად. 

ბაკურიანი

რაც შეეხება კაფეებსა და სხვა კვების ობიექტებს, აქ ფასები დიდად არ განსხვავდება ქვეყნის სხვა კურორტებზე არსებული ფასებისაგან.