საქართველოს აეროპორტებმა 2017 წელს 4 მილიონზე მეტ მგზავრს გაუწიეს მომსახურება

საქართველოში, ისევე, როგორც საქართველოდან, სულ უფრო მეტი ფრენა ხორციელდება – 2017 წელს ქვეყნის აეროპორტებმა დაახლოებით 4,1 მლნ მგზავრს გაუწიეს მომსახურება, რაც 43,4%–ით მეტია გასული წლის მონაცემთან შედარებით.
Sputnik

ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში მაღალი ზრდაა დაფიქსირებული, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

თბილისის აეროპორტი

2017 წელს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 3,2 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც 40,5%–ით მეტია 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით. 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, რომელზეც მგზავრების საერთო რაოდენობის 77,7% მოდის, დედაქალაქის ცენტრიდან 15 კმ-ში მდებარეობს.

ბათუმის აეროპორტი

ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2017 წელს დაახლოებით 495,7 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 58,7%–ით მეტია 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

ბათუმის აეროპორტი, რომლითაც მგზავრების საერთო რაოდენობის 12,2%–მა ისარგებლა, ქალაქიდან 2 კმ-ში მდებარეობს.  

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი

ქუთაისის აეროპორტი

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გასული წლის 12 თვის განმავლობაში, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  მგზავრთნაკადი 49,3%-ით გაიზარდა და დაახლოებით 405,2 ათასი ადამიანი შეადგინა.

ქუთაისის აეროპორტი, რომელზეც მგზავრების საერთო რაოდენობის 10% მოდის, ქალაქის ცენტრიდან 14 კმ-ში მდებარეობს. 

ქუთაისის აეროპორტის პრიორიტეტს საქართველოს ავიაბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვა და კონკურენტული გარემოს შექმნა წარმოადგენს. 

მესტიის აეროპორტი

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი მხოლოდ ადგილობრივი ავიამიმოსვლისთვის გამოიყენება – 2017 წელს აეროპორტით დაახლოებით 7,3 ათასმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 72,2%–ით მეტია 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 

მესტიის აეროპორტი

2017 წლის განმავლობაში მესტიის აეროპორტზე მგზავრების საერთო რაოდენობის 0,2% დაფიქსირდა.

ამბროლაურის აეროპორტი

ამბროლაურის აეროპორტი ადგილობრივი ავიამიმოსვლისთვის გამოიყენება – პირველი მგზავრები მან 2017 წლის იანვარში მიიღო.

გასული წლის განმავლობაში აეროპორტი 5,6 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც მგზავრების საერთო რაოდენობის 0,14%-ს შეადგენს.

როგორ იყენებენ საჰაერო სივრცეს

2017 წელს საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი 12,6%-ით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში საქართველოს საჰაერო სივრცეში 144,6 ათასზე მეტი ფრენა დაფიქსირდა. 

NASA-ს ასტრონავტმა საქართველოში პირველი ქალი-პილოტი დააჯილდოვა

2017 წელს საქართველოს აეროპორტებში დაახლოებით 21 ათასი სამგზავრო და სატვირთო რეისი განხორციელდა, მათ შორის 17,8 ათასზე მეტი – რეგულარული,  ხოლო 3,1 ათასზე მეტი – ჩარტერული რეისი, რაც 37%-ით მეტია 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

ვინ სტუმრობს საქართველოს

ბოლო წლებში საქართველოში ტურიზმის სფერო დინამიურად ვითარდება – უცხოელი დამსვენებლების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. 

რამ გაზარდა ტურისტების რაოდენობა 2017 წელს

2017 წელს საქართველოში 7,5 მილიონზე მეტმა საერთაშორისო ვიზიტორმა იმოგზაურა, რაც 18,8%-ით მეტია 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით. 

ტურისტების რაოდენობამ, რომლებიც ქვეყანაში 24 საათის ან უფრო მეტი დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ, გასულ წელს დაახლოებით 3,5 მლნ ადამიანი შეადგინა, რაც 27,9%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2017 წელს საქართველოს ყველაზე ხშირად სტუმრობდნენ სომხეთის (+14,8%), აზერბაიჯანის (+11,2%), რუსეთის (+34,1%) და ირანის (+118,3%) მოქალაქეები.