უკრაინელი მხატვარი ალექსანდრ ჟივოტკოვი საკუთარ ნამუშევრებს თბილისში გამოფენს

ექსპოზიცია სახელწოდებით „მუყაო. ხე. ქვა“ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნება
Sputnik

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საქართველოს ეროვნული მუზეუმი და არტ–ფონდი „სტედლი“ თანამედროვე უკრაინელი მხატვრის ალექსანდრ ჟივოტკოვის ნამუშევრების გამოფენაზე გიწვევთ.

ალექსანდრ ჟივოტკოვი კიევიდანაა, იგი მხატვარ ოლეგ ჟივოტკოვის ოჯახში დაიბადა, მისი ძმა მხატვარი სერგეი ჟივოტკოვია. დამთავრებული აქვს ტ. შევჩენკოს სახელობის რესპუბლიკური სამხატვრო სკოლა. კიევის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტში სცენოგრაფის დიპლომი აიღო. 

მხატვარი კიევში ცხოვრობს და მუშაობს.

ექსპოზიცია სახელწოდებით „მუყაო. ხე. ქვა“ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 26 იანვარს გაიხსნება და 25 თებერვლამდე გასტანს. გალერეის მისამართია:  რუსთაველის გამზირი, 11. 

თბილისის ხელოვნების მუზეუმში ვასილი კანდინსკის ნახატებს წარმოადგენენ

ალექსანდრ ჟივოტნიკოვის  აღნიშნული შემოქმედებითი სერია ავტორის მიერ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შექმნილ 50–ზე მეტ ნამუშევარს წარმოადგენს. ესაა „გზები“, „კიევი 2014“, „ვარიაციები ქვაში“ და სხვა.

როგორც მუზეუმში აღნიშნავენ,  ალექსანდრ  ჟივოტკოვის შემოქმედებაში თავს იყრის ევროპული და აღმოსავლური კულტურების მთელი სპექტრი,  მკაცრი  მონოქრომული გამოსახულებები და მრავალმხრივი  მგრძნობელობითი  ფორმები. მხატვრის სერიაში შეიძლება იგრძნოთ დამოკიდებულება ფაიუმის პორტრეტის, ადრეული ქრისტიანული კატაკომბების, სკვითური კერპების თუ უკრაინული ხატების, ქართული ჭედურობისა და ტიბეტური ხელნაწერების მიმართ. 

 „საქართველოს მეორე სამშობლოდ მივიჩნევ, აქ არის ჩემი მეორე სახლი. ხატვა აქ ჩამოსვლამდე დავიწყე. ჩემს შემოქმედებაში ხე და ქვა სწორედ საქართველოს წყალობით გაჩნდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გავეცანი ამ ქვეყნის უძველეს და და უჩვეულოდ ძლიერ კულტურას“, – მუზეუმში ალექსანდრ ჟივოტნიკოვის ციტატა მოჰყავთ.