თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. იაშვილის სახელობის თბილისის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში რეორგანიზაციის შედეგად 87 თანამშრომელი დაითხოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, თითოეულ თანამშრომელს გათავისუფლების მიზეზები გააცნეს. უმოკლეს ვადებში გადაირიცხა კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია.
კლინიკაში ინფრასტრუქტურული და საკადრო რეორგანიზაცია ჩატარდა. კერძოდ, დაემატა ახალი სერვისები, რამდენიმე დეპარტამენტი გაერთიანდა და სამედიცინო პერსონალის ოპტიმალური რაოდენობა განისაზღვრა.
შიდა საორგანიზაციო-სტრუქტურული ცვლილებების მთავარი მიზანია — სამედიცინი სერვისევის გაუმჯობესება და მაღალხარისხიანი, პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო მომსახურების გაწევა.
იაშვილის კლინიკა 1996 წელს დაარსდა, მას შემდეგ ის საქართველოს ერთ-ერთ წამყვან ბავშვთა კლინიკად რჩება. კლინიკა 250 პაციენტზეა გათვლილი, მასში სტაციონარული, ამბულატორული და გადაუდებელი განყოფილება ფუნქციონირებს.