გარდაიცვალა ტერორისტებთან კავშირში ბრალდებული თემირლან მაჩალიკაშვილი

სპეცრაზმის მიერ პანკისის ხეობაში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა დილით გაუარესდა და ის გარდაიცვალა.
Sputnik

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. გარდაიცვალა პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელსაც ტერორისტ ახმედ ჩატაევთან კავშირი ედებოდა ბრალად, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პაციენტის მდგომარეობა დილით გაუარესდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, განაცხადა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს მენეჯერმა ზაზა ლურსმანაშვილმა.

პანკისში დაჭრილ მაჩალიკაშვილს სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვენენ

მოლაპარაკებები პაციენტის საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით გადაყვანის თაობაზე თითქმის ერთი კვირა აქტიურად მიმდინარეობდა. მას შემდეგ, რაც რამდენიმე კონსილიუმის შემდეგ ექიმებმა პაციენტის გადაყვანაზე თანხმობა განაცხადეს, სხვადასხვა ქვეყნის კლინიკებთან დაიწყო მოლაპარაკებები. შედეგად, სამშაბათს ოჯახმა თურქეთის კოჩის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი შეარჩია.

მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს ცნობილი ტერორისტის ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების დახმარებაში ბრალდებულების დაკავების სპეცოპერაციისას დაიჭრა. სუს-ში განმარტეს, რომ სპეცრაზმელებმა მას თავში და მხარში მას შემდეგ ესროლეს, როცა ის ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა. ოჯახში ეს ინფორმაცია უარყვეს და განაცხადეს, რომ 19 წლის ახალგაზრდას მაშინ ესროლეს, როდესაც ის საწოლში იწვა.