უვიზოდ 99 ქვეყანაში, ანუ როგორ იზრდება ქართული პასპორტის ფასი

შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის წყალობით საქართველომ რეიტინგში 68-დან 53-ე ადგილზე გადაინაცვლა.
Sputnik

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. კომპანია Henley & Partners-ის პასპორტების ყოველწლიურ ინდექსში საქართველომ, მსოფლიოს 99 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით, 53-ე ადგილი დაიკავა.

საქართველომ თავისი მდგომარეობა 15 პოზიციით გაიუმჯობესა — გასულ წელს ქვეყანას 68-ე ადგილი ეკავა 69 ქვეყანაში თავისუფლად შესვლის შესაძლებლობის საფუძველზე. მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება კი 2017 წლის მარტში შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის მიღების წყალობით მოხდა.

ქართული პასპორტი უფრო „ძლიერი" გახდა

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რეიტინგში პირველი ადგილი უცვლელად უკავია გერმანიას. 2018 წელს გერმანული პასპორტით უვიზოდ მსოფლიოს 177 ქვეყანაში მოგზაურობაა შესაძლებელი. მეორე ადგილზეა სინგაპური — 176 ქვეყანა, მესამეზე კი ერთდროულად რვა სახელმწიფო გავიდა — დიდი ბრიტანეთი, დანია, იტალია, ნორვეგია, ფინეთი, საფრანგეთი, შვედეთი, იაპონია (175 ქვეყანა).

საქართველოს მეზობელი ქვეყნები რეიტინგში ამგვარად განლაგდნენ: რუსეთი — 48-ე ადგილი, თურქეთი — 50-ე, აზერბაიჯანი — 72-ე, სომხეთი — 76-ე.

რეიტინგში ბოლო ადგილი ავღანეთს ერგო — ამ ქვეყნის მოქალაქეებს თავისუფლად შესვლა 24 ქვეყანაში შეუძლიათ.

კომპანია Henley & Partners-ის პასპორტების ყოველწლიური ინდექსი აანალიზებს 200-ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიის სავიზო წესებს. კომპანია საერთაშორისო ლიდერია საცხოვრებელი ადგილის დაგეგმვის სფეროში. ის სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მრჩეველია საინვესტიციო მოქალაქეობის პროგრამების შემუშავებასა და დანერგვაში.