ახმეტაში ჩატაევის თანამზრახველი ზურაბ იდოიძე დააკავეს

ზურაბ იდოიძე ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დახმარების მიზნით ჩავიდა.
Sputnik

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ახმეტის რაიონის სოფელ ომალოში საქართველოს მოქალაქე ზურაბ იდოიძე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზურაბ იდოიძეს ბრალად ედება ტერორიზმის დაფინანსება, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა და რესურსებით უზრუნველყოფა. ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკა.

თურქეთის კლინიკები პანკისში დაჭრილი მაჩალიკაშვილის მიღებაზე დათანხმდნენ

გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქე ზურაბ იდოიძე ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების დახმარების მიზნით ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში და ხსენებული დაჯგუფება ჩატაევთან ერთად ხოფაში მდებარე დროებითი საცხოვრებელი ბინიდან ავტომობილით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით („ტერორიზმის დაფინანსება, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა ან  რესურსებით უზრუნველყოფა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია“) და ითვალისწინებს 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.