ანა ნაცვლიშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დაინიშნა

ნაცვლიშვილმა ამ თანამდებობაზე ანა დოლიძე შეცვალა, რომელიც მარგველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნა.
Sputnik

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე  ანა ნაცვლიშვილი დანიშნა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა პრეზიდენტის  საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ანა დოლიძე შეცვალა. დოლიძე მარგველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნა. 

"სწორედ, მისი ხედვიდან, მისი პრინციპების მიმართ ერთგულებიდან და აგრეთვე მისი მაღალი იურიდიული კვალიფიკაციიდან გამომდინარე, მე შევთავაზე მას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმიანობა და მიხარია, რომ ქალბატონი ანა დათანხმდა ამ თანამდებობას", — აღნიშნა  პრეზიდენტმა ანა ნაცვლიშვილის წარდგენისას.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ანა დოლიძე დაინიშნა

თავის მხრივ, ანა ნაცვლიშვილმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის და აღნიშნა, რომ მისთვის ეს თანამდებობა უდიდესი პატივია.

"ჩემთვის იქნება უდიდესი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი პატივი თქვენთან ერთად და ადმინისტრაციის გუნდთან ერთად, ახლა უკვე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სტატუსით, გავაგრძელო მუშაობა და წვლილის შეტანა იმ უდიდეს საქმეში, რასაც ჰქვია საქართველოსთვის მაღალი სტანდარტის საკანონმდებლო ბაზის შექმნა, სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიის დაცვა და განმტკიცება ჩვენს ქვეყანაში“, — განაცხადა ნაცვლიშვილმა. 

ანა ნაცვლიშვილი 2014- 2017 წლებში სამჯერ აირჩიეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ. მანამდე ის ამ ორგანიზაციის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა. 2017 წელს მას მიენიჭა საქართველოს 7 უმაღლესი სასწავლებლის მიერ დაწესებული ჯილდო „წლის უფლებადამცველი“.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი არის საქართველოს პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. იგი ხელს უწყობს პრეზიდენტს პარლამენტთან საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული  ურთიერთობების განხორციელებაში.