თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარაგბო კლუბ „არმიას“ დაფინანსება შეუწყვიტა, მორაგბეები აქციებს მართავენ.
საქართველოს თავდაცვის აკადემიასთან არსებული სარაგბო კლუბ „არმია“ 2011 წელს აღადგინეს და ის მაშინვე გახდა ქვეყნის ჩემპიონი, ხოლო 2011 და 2012 წლებში — საქართველოს თასის ორგზის მფლობელი. დაფინანსებას თავდაცვის სამინისტრო ახორციელებდა.
ორშაბათს მორაგბეები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენობასთან შეიკრიბნენ მოთხოვნით, გაგრძელდეს კლუბის დაფინანსება, რადგან ყველა სატრანსფერო ფანჯარა უკვე ჩახურულია და ისინი ქუჩაში რჩებიან.
„დაფინანსება თუ არ იქნება, ვერც ვივარჯიშებთ, მოედანზე არავინ არ შეგვიშვებს. ელემენტარული ფინანსები არ არის გუნდში, რომ რაღაცას ჩვენით მაინც მივაღწიოთ და გავიტანოთ ეს თვეები“, — განაცხადა კლუბ „არმიას“ მორაგბემ, გოდერძი ჭინჭარაულმა ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.
ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც მითითებულია, რომ კლუბს ჯერ კიდევ 2017 წლის 5 მაისს შეატყობინეს, რომ 2018 წლიდან მას დაფინანსება შეიწყდებოდა.
„შესაბამისად, განცხადებები იმის შესახებ, რომ კლუბის ხელმძღვანელობას ინფორმაცია არ ჰქონდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ამას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ კლუბის ხელმძღვანელობას ეროვნული თავდაცვის აკადემიისთვის 2017 წლის ბოლოს ბიუჯეტის პროექტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო განაკვეთი არ წარუდგენია“, — ნათქვამია განცხადებაში.
სარაგბო კლუბ „არმიას“ დაფინანსება წელიწადში 400 000 ლარს შეადგენდა.
„თავდაცვის უწყების პრიორიტეტებში, ამ ეტაპზე, არ შედის სპორტული კლუბების დაფინანსება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კლუბის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ერთი წლის წინ მიიღო, გასულ წელს კლუბს სეზონის დასრულების შესაძლებლობა მაინც მიეცა“, — ნათქვამია განცხადებაში.