Sony Classical ანიტა რაჭველიშვილის სადებიუტო ალბომს გამოუშვებს

მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილის სადებიუტო ალბომში შევა არიები ოპერა „კარმენიდან" და ქართული ნაწარმოებები.
Sputnik

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. პრესტიჟული ხმის ჩამწერი სტუდია Sony Classical 2 მარტს ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანოს ანიტა რაჭველიშვილის სადებიუტო ალბომს გამოუშვებს.

„სიამაყით ვაცხადებთ, რომ ანიტა რაჭველიშვილმა Sony Classical-თან ექსკლუზიური კონტრაქტი გააფორმა. მისი სადებიუტო ალბომი მთელ მსოფლიოში ხელმისაწვდომი 2018 წლის 2 მარტს იქნება", — აღნიშნულია Twitter-ზე განთავსებულ სტუდიის განცხადებაში.

ანიტა რაჭველიშვილი International Opera Awards 2017-ზეა ნომინირებული

ალბომში ქართველი საოპერო მომღერლის საუკეთესო არიები შევა. მათ შორისაა არიები ბიზეს ოპერა „კარმენიდან" და ქართული ნაწარმოებები, რომელთა შორისაა ნაწყვეტები დიმიტრი არაყიშვილის 1919 წელს დაწერილი ოპერიდან „თქმულება შოთა რუსთაველზე".

ანიტა რაჭველიშვილის ალბომის ჩაწერაში მონაწილეობს იტალიის რადიოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ჯაკომო საგრიპანტის დირიჟორობით.

ანიტა რაჭველიშვილი თბილისში დაიბადა, დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ვოკალის განხრით.

საქართველოში რაჭველიშვილის დებიუტი საოპერო სტუდიაში შედგა, სადაც ვერდის ოპერა "რიგოლეტოში" მადალენასა და ჩაისკოვსკის "ევგენი ონეგინში" ოლგას პარტიები შეასრულა.

2006 წლის შემოდგომაზე მომღერალი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიიღეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ სასწავლებლად მილანის „ლა სკალას" თეატრის აკადემიაში მიიწვიეს.

ანიტა რაჭველიშვილი საერთაშორისო არენაზე ცნობილი 2009 წლის 7 დეკემბრიდან გახდა, როდესაც „ლა სკალას" სეზონის გახსნაზე „კარმენში" მთავარი პარტია შეასრულა (ხოსე — იონას კაუფმანი, რეჟისორი — ემა დანტე, დირიჟორი — დანიელ ბარენბოიმი). მომღერლის სადებიუტო სპექტაკლმა ევროპულ სცენაზე უდიდესი წარმატებით ჩაიარა, სპექტაკლს მსოფლიოს მრავალი ტელეარხი გადასცემდა.

თბილისში "კარმენის" ახალ დადგმას წარმოადგენენ

2011 წელს შედგა რაჭველიშვილის დებიუტი ნიუ-იორკის „კარნეგი ჰოლში", სადაც შეასრულა პრინცესა დე ბუიონის პარტია ჩილეას ოპერაში „ადრიანა ლეკურერი". მრავალ პარტიათა შორის მის რეპერტუარშია მთავარი პარტიები როსინის ოპერიდან "იტალიელი ალჟირში" და გლუკის "ორფეოსი და ევრიდიკადან".

სენ-სანსის ოპერა „სამსონი და დალილაში" დალილას პარტიის შესრულებისთვის რაჭველიშვილმა მიიღო Bachtrack Opera Awards-ის პრემიის წოდება „საუკეთესო მომღერალი".

Sony Classical Records-ი ამერიკული ლეიბლია, რომელიც 1927 წელს დაარსდა სახელწოდებით Columbia Masterworks Records. მან სახელწოდება შეიცვალა ჯერ 1980 წელს — Masterworks Records და შემდეგ 1990-იან წლებში, როდესაც სტუდია კომპანია Sony-მ შეიძინა, ის Sony Classical Records გახდა.

Sony classical-თან თანამშრომლობდნენ ცნობილი შემსრულებლები: იონას კაუგმანი, სონია იონჩევა, ხუან დიეგო ფლორესი, პლასიდო დომინგო, ქართველი სოპრანო ნინო მაჩაიძე, პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი.