საუდის არაბეთის პრინცებს წყლისა და შუქის გადასახადის გადახდა არ სურთ

საუდის არაბეთის 11 პრინცი მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ ერ-რიადში კასრ-ალ-ჰუკმის სამეფო სასახლეში პროტესტის შეწყვეტაზე უარი განაცხადეს
Sputnik

თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. თერთმეტი პრინცი საუდის არაბეთის მმართველი ოჯახიდან დააპატიმრეს მართლმსაჯულების სასახლის დატოვებაზე უარის გამო და წყლისა და ელექტროენერგიის გადასახადებზე შეღავათების აღდგენის მოთხოვნის გამო, იუწყება РИА Новости სამეფოს გენერალური პროკურატურის განცხადებაზე დაყრდნობით.

„მიუხედავად ყველა მოწოდებისა პრინცებმა მთავრობის სასახლის დატოვებაზე უარი განაცხადეს, ისინი მოითხოვდნენ სამეფო ბრძანებულების გაუქმებას, რომელმაც ისინი წყლისა და ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათების გარეშე დატოვა. მიღებული იქნა გადაწყვეტილება მათი დაკავებისა და საპატიმროში მოთავსების შესახებ, სადაც ისინი სასამართლოს დაელოდებიან“, — ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

უწყებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „კანონის წინაშე ყველა თანასწორია“.

საუდის არაბეთში კორუფციის ბრალდებით 11 პრინცი დააკავეს

გასული წლის ნოემბერში საუდის არაბეთის მეფის მიერ შექმნილმა კორუპციასთან ბრძოლის კომიტეტმა კორუპციულ სქემებთან კავშირის ბრალდებით სამეფოს მმართველი ოჯახის 30-ზე მეტი წევრის და მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკების დაკავების ბრძანება გასცა.

ბრიტანული გაზეთ Guardian-ის მონაცემებით, დაპატიმრებული პრინცების ლიდერია მეფე აბდულ-აზიზის ბიძაშვილის გვარის წარმომადგენელი საუდ ალ-ქაბირი. აბდულ-აზიზი საუდის არაბეთის როგორც თანამედროვე სახელმწიფოს დამფუძნებელი და პირველი მმართველი იყო.

გაზეთი Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სინამდვილეში დაპატიმრებები უკავშირდება საჩივრებს იმის გამო, რომ პრინც მუჰამედ ბენ სალმანის ხელში მთელი ძალაუფლების კონცენტრაცია მოხდა. თითქოს პრინცები გეგმავდნენ თავისი უკმაყოფილება საუდის მეფე სალმანთან გამოეხატათ და ისინი ერ-რიადში შეხვედრისას დააკავეს.