პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცა

პატრიარქი ტაძარში პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მივიდა.
Sputnik

თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო საშობაო ლიტურგიას, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. 

პატრიარქი ტაძარში პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მივიდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მორწმუნეებს შობის დღესასწაული მიულოცა.

თბილისში ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით გზები გადაიკეტება

„ყველას გულით გილოცავთ ქრისტეშობის უდიდეს დღესასწაულს! გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. საქართველოს ვუსურვებ გაერთიანებას და უფრო მეტ სიყვარულს. მინდა, მოგილოცოთ 2018 წელი და გისურვოთ ყოველივე კარგი“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერი ასევე შეეხო ილია მეორეს საშობაო ეპისტოლეს, რომელიც ლიტურგიის დასრულების შემდეგ სამების ტაძარში წაიკითხეს.

„პატრიარქმა, თავის ეპისტოლეში ისაუბრა ქრისტიანობის და რწმენის მნიშვნელობაზე. იგი ბრძანებს, რომ, როგორც ხისგან მოწყვეტილი ნაყოფი ხდება უსულო და ხმება, ასევე, ეკლესიისგან მოწყვეტილი ადამიანის ბედიც ანალოგიურია. ყველას ვუსურვებ, აი ამ რწმენაში გავერთიანებულიყავით ჩვენი ერის საკეთილდღეოდ“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ილია მეორეს აღსაყდრების 40 წლის იუბილე და დაბადების დღე მიულოცა. 

„მინდა, ჩვენს პატრიარქს მივულოცო აღსაყდრებიდან მე-40 შობა და დაბადებიდან 85 წელი, რომელიც ორიოდე დღის წინ შეუსრულდა. წელს ძალიან მნიშვნელოვანი წელია, დიდი იუბილეები გვაქვს — ჩვენ ვზეიმობთ ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავს. ასე რომ, ბევრი კარგი თარიღია“, — განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა მთელს საქართველოს უსურვა ბედნიერება, ოჯახებს — კეთილდღეობა, სიმშვიდე და წინსვლა.