„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოება 7 იანვარს გაიმართება

საზეიმო ცერემონიაზე 1500-მდე ადამიანია მიწვეული, წელს მათ Late Night-ის წამყვანი სეთ მეიერსი უმასპინძლებს.
Sputnik

თბილისი, 7 იანვარი- Sputnik. „ოქროს გლობუსის“ რიგით 75-ე დაჯილდოების საზეიმო ცერემონია ლოს-ანჯელესში 7 იანვარს გაიმართება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

„ოქროს გლობუსი“ ამერიკული კინოპრემიაა, რომელსაც ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია 1944 წლიდან აწესებს კინო და ტელეფილმებისთვის, როგორც ამერიკული, ასევე უცხოური ფილმებისთვის.

2018 წლის „ოქროს გლობუსის“ დაჯილოების ცერემონია 7 იანვარს (თბილისის დროით 8 იანვრის დილის ხუთ საათზე) გაიმართება. ლოს-ანჯელესში რიგით 75-ე ღონისძიებისთვის მზადება უკვე დასრულებულია.  წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პრესტიჟული დაჯილდოებისთვის ყველაფერი მზადაა — სცენა, განათება, დეკორაციები. სასტუმრო „ბევერლი ჰილტონის” წინ ორგანიზატორებმა  პირველი წითელი ხალიჩაც გაშალეს.

საზეიმო ცერემონიაზე 1500-მდე ადამიანია მიწვეული.  მათ წელს შოუ Late Night-ის წამყვანი სეთ მეიერსი უმასპინძლებს.

„ოსკარი 2017“: ნომინანტი ფილმები და ექსპერტთა პროგნოზები

საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში „ოქროს გლობუსისთვის” სტივენ სპილბერგი, გილერმო დელ ტორო, რიდლი სკოტი, მარტინ მაკდონაჰი და კრისტოფერ ნოლანი იბრძოლებენ.

„ოქროს გლობუსზე“ ყველაზე მეტი ნომინაცია გილერმო დელ ტოროს ფილმმა, „წყლის ფორმა’’ დაიმსახურა. საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ასევე წარდგენილია: „მომმართე შენი სახელით,” „ფოსტა“, „სამი ბილბორდი ებინგის გარეთ, მისური“ და „დუნკერკი“.

ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ოქროს გლობუსის” მოპოვების შანსი აქვთ: მერილ სტრიპს, სალი ჰოკინსს, ჯესიკა ჩესტეინს, ფრანსის მაკდორმანდსა და მიშელ უილიამსს.

მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელთა ნომინანტების ხუთეული კი გამოიყურება: გარი ოლდმანი, ტიმოთი ჩალამე, დენიელ დეი-ლუისი, ტომ ჰენქსი და დენზელ ვაშინგტონი.

საუკეთესო ანიმაციის ტიტულისთვის იბრძოლებენ: „პატარა ბოსი“, „მარჩენალი“, „კოკო“, „ფერდინანდი“ და „ვინსენტის სიყვარული“.

რაც შეეხება საუკეთესო უცხოენოვან ფილმს,„ოქროს გლობუსზე“ წარდგენილი ფილმების ხუთეული ასე გამოიყურება: „ფანტასტიკური ქალი“, „პირველად მათ მოკლეს მამაჩემი“, „სიბნელეში“, „უსიყვარულოდ“ და „ოთხკუთხედი“.

„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების პირველი ცერემონია 1944 წელს 20th Century Fox-ის სტუდიაში გაიმართა. ცერემონიის გამართვის ადგილი შემდეგ რამდენჯერმე შეიცვალა.

1950 წელს, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის გადაწყვეტილებით, შეიქმნა სპეციალური საპატიო პრიზი, რომლითაც ცნობილი მოღვაწეები ჯილდოვდებოდნენ კინო-ინდუსტრიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.