ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობის ფასი გაიზარდა

მძღოლების ნაწილმა გაზრდილ ფასებზე დღეს კომენტარი არ გააკეთა, ნაწილმა კი დაადასტურა, რომ ტარიფი თავად გაზარდეს.
Sputnik

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ქალაქ ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობის ტარიფი 10 თეთრით გაიზარდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ბათუმის ფარგლებში გადაადგილებისთვის 6 იანვარს მოქალაქეებმა აქამდე არსებულ ფასთან შედარებით გაძვირებული ფასი გადაიხადეს.

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ მიკროავტობუსებში გაზრდილ სამგზავრო ღირებულებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ტარიფის მომატებასთან დაკავშირებით მერიაში განცხადება რამდენიმე დღის წინ შევიდა.

თბილისელებს ელექტროენერგიის ტარიფი გაეზარდათ

„რამდენიმე დღის უკან მოგვმართეს წერილით იმასთან დაკავშირებით, რომ აპირებდნენ მგზავრობის ღირებულების გაძვირებას, თუმცა, ჩვენგან იყო მოთხოვნა, შემოეტანათ წერილობით დადასტურება და კალკულაცია იმისა, თუ რა იყო  მიზეზი გაძვირების. ეს ეხება, ალბათ, საწვავის გაძვირებას. ტარიფი გაზრდილია ჩვენი ნებართვის გარეშე, ასე, რომ მგზავრებს შეუძლიათ შესაბამისი რეაქცია ჰქონდეთ ამაზე“, — განაცხადა ბათუმის მერმა.

ბათუმის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსის, ემზარ ქავჟარაძის განცხადებითაც, მძღოლებმა ტარიფი თვითნებურად გაზარდეს და საკითხი მერიასთან შეთანხმებული არ იყო. ქავჟარაძის თქმით, ორშაბათს კომპანიებთან კონსულტაციებს გაივლიან და, შესაძლებელია, ტარიფი ძველ ღირებულებას დაუბრუნდეს.

მძღოლების ნაწილმა დღეს კომენტარი არ გააკეთა, ნაწილმა კი დაადასტურა, რომ ფასი თავად გაზარდეს. გაძვირებულ სამგზავრო ღირებულებაზე უკმაყოფილებას გამოთქვამენ მგზავრები.