ნიჭიერი თვითნასწავლი კარიკატურისტი, რომელიც 16 წლის ასაკში ხელფასს ოფიციალურად იღებდა

შოთა პაპავა - ახალგაზრდა, ნიჭიერი თვითნასწავლი კარიკატურისტი. ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობს.
Sputnik

მას ბევრი ცნობილი ქართველის კარიკატურა აქვს შექმნილი. ამბობს, რომ თუკი აკადემიური ხატვის ელემენტარული წესების შესახებ ოდნავი წარმოდგენა მაინც აქვს, ეს კარიკატურისტ ნიკა კემულარიას დამსახურებაა. ვფიქრობთ, მისი მხიარული ნახატები საახალწლო განწყობას ნამდვილად გაგიმძაფრებენ.

შოთა პაპავა

- შოთა, თქვენი კარიკატურების წყალობით ბევრმა კარგმა ქართველმა გაგიცნოთ…

— იმდენ კარგ ადამიანთან მომიწია ურთიერთობა, რომ ეს თავისთავად ბედნიერება იყო.  ვერ ვიტყვი, რომ ყველა მათგანის სიყვარული დავიმსახურე, მაგრამ კეთილგანწყობა კი უთუოდ გამოვიწვიე. კარიკატურების ხატვამ ის სიკეთე მარგუნა, რომ არა ერთი და ორი კარგი ადამიანის, ასე ვთქვათ, ჩემი შარჟირების ობიექტთა, გაცნობის საშუალება, მათთან კომუნიკაციის შესაძლებლობა მომეცა. ნახატებით გავეცანი ბატონებს: ჯემალ ღაღანიძეს, კახი კავსაძეს, რეზო ჩხეიძეს, გივი ბერიკაშვილს, ოთარ კობერიძეს, გურამ ფირცხალავას, გიზო ჟორდანიას… ზოგი ცოცხალი აღარ არის, რაც ჩემთვის პირადი ურთიერთობის დროინდელ მოგონებებს, თუნდაც როგორც კერძო კაცის დღიურის ჩანაწერებისთვის საინტერესო მასალას, უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს. ბატონმა გივი ბერიკაშვილმა მახსოვს შემოქმედებითად მაკურთხა და მითხრა: მარჯვენა დაგელოცოსო.

შოთა პაპავას შემოქმედება

- სამხატვრო აკადემიაში პრინციპულად არ ჩაგიბარებიათ, რატომ?

— იქ უჩემოდაც მრავლად არიან- ეს ხუმრობით. სერიოზულად კი უკეთესია, ვინც უკვე ჩააბარა, ის ჩამოყალიბდეს პროფესიონალად. სულ თავიდან  ხატვა საკმაოდ მოულოდნელად დავიწყე.  დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობ. მცდელობა, თვითნასწავლობას გავქცეოდი, არ მქონია. მხოლოდ ერთი კი უცილობლად უნდა აღვნიშნო მადლიერებით, რომ თუკი აკადემიური ხატვის ელემენტარული წესების შესახებ ოდნავი წარმოდგენა მაინც მაქვს, ეს კარიკატურისტ ნიკა კემულარიას (Kemo) წყალობითაა. საქართველოში ცოტა, მაგრამ დიდი შესაძლებლობისა და მაღალი დონის კარიკატურისტები არიან: ზაალ სულაკაური, ბესიკ დუღაშვილი, გიორგი გამეზარდაშვილი, ირაკლი თოიძე… ისინი, ფიგურალურად რომ წარმოვსახოთ, დონის (დავით ნაცვლიშვილი), ანდრო კანდელაკის, ჯემალ ლოლუას, გიგლა ფირცხალავას, ვახტანგ კუციას და სხვა ცნობილი მხატვარ-სატირიკოსების ჩამომავლები არიან. მე კი, უბრალოდ, კარიკატურებს ვხატავ.

შოთა პაპავას შემოქმედება

- მართალია, რომ თქვენზე ამბობენ, ვუნდერკინდი იყოო?

— რასაკვირველია, არა. ვუნდერკინდები იყვნენ: პასკალი, მოცარტი, ლისტი, პიკასო, რომელთაგან ზოგი 14 წლის ასაკში ოპერებს წერდა და ზოგი სრულიად ახალგაზრდა ასაკში ავანგარდული ხელოვნების რევოლუციური მიმართულების ფუძემდებელი იყო. სიტყვა „ვუნდერკინდი“ გერმანულიდან სიტყვასიტყვით რომ ვთარგმნოთ, არის საოცარი ბავშვი და ესეც საკმარისი იქნება იმის მიზეზად, რომ უხერხულად ვიგრძნო თავი. არავითარ საოცრება- ფენომენალურობას ჩემთან ხელი არ ჰქონია.

შოთა პაპავას შემოქმედება

- არც ის არის სიმართლე, რომ 16 წლის ასაკში უკვე ოფიციალურად იღებდით ხელფასს?

— საქმე ისაა, რომ სკოლაში ხელოვნების მასწავლებელმა, ქალბატონმა ქეთევან კეშელავამ სურვილი გამანდო, ძველი ნაცნობები ვართ მე და სატირულ-იუმორისტული ჟურნალის „ნიანგი“ კორესპონდენტი ბეჟან გოგია, მივიდეთ მასთან და შენი ნახატები ვაჩვენოთო. ბატონი ბეჟანი სამტრედიის ადგილობრივი გაზეთის „სამტრედიის მაცნე“ დირექტორია. სწორედ მაშინ (7-8 წლის წინ) მას პირველად შევხვდი. მალე გაზეთში ჩემი კარიკატურებიც დაიბეჭდა, რამაც ნელ-ნელა სისტემატური ხასიათი მიიღო. 3 წლის შემდეგ „სამტრედიის მაცნეს“ თანამშრომელი გავხდი. 16 წლის ასაკში კი გამოცდილი კოლექტივის გვერდით ვიყავ და ოფიციალურად ვიღებდი ხელფასს. ეს კი იმ დროს მართლაც იშვიათობა იყო. ეს ფაქტი ბატონი ბეჟანის, რედაქციის თითოეული წევრის მონდომებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერის დამსახურება გახლდათ. პირველი ხელფასით არ მახსოვს რა ვიყიდე, ალბათ უმნიშვნელო რამ თორემ დამამახსოვრდებოდა. გამოფენა სამტრედიაში მქონდა…

შოთა პაპავას შემოქმედება

- დღეს თქვენს ცხოვრებაში რაიმე უჩვეულო ხომ არ ხდება?

— როგორ გითხრათ, საერთოდ, ორდინარული ამბები იშვიათია. აჭრიალებული და ფეხადგმული ხეები ქალაქს ტოვებენ, ოქროსფერი გუმბათის სიმრგვალე გაცვდა, ქალბატონ ლია სტურუას სიტყვებს მოვიშველიებ: „ყოველღამე ვნებადამცხრალი, კმაყოფილი ადამიანები სინათლეს აქრობენ და იძინებენ, რომ დილას ადგნენ, ალაპარაკებულ ამღერებულ დაწესებულებებს ულოტბარონ, ან ერთი ხმა მაინც მიუმატონ“… ჩვენ ყველაფერს თვალს ვუსწორებთ და ამის შემყურემ ძნელია, რამეს ჩვეულებრივი დაარქვა.

შოთა პაპავას შემოქმედება

- სიზმარიც ასევე არაორდინალური გაქვთ?

— სიზმარი საზოგადოდ, ძილის ყველაზე საინტერესო ასპექტია. მხოლოდ ვარაუდები არსებობს, თუ რატომ ვხედავთ სიზმრებს, მისი შინაარსიც გამოურკვეველია. სიზმარში ყოველდღიური მოვლენები, ფაქტები არაჩვეულებრივი, ზოგჯერ აბსურდული შეხამებით გვეძლევა, მაშინ შესაძლებლობები უსაზღვროა და, რაც არ უნდა ალოგიკური იყოს, იგი მძინარე ადამიანის მიერ სინამდვილედ განიცდება. ვერ ვიხსენებ სიზმარში მეხატა, თუმცა თუ დავხატავ, ალბათ, რაღაც მეტისმეტად ექსპერიმენტულს, პოლოკის ან ფრანც კლაინის მსგავსს…

შოთა პაპავას შემოქმედება

- როგორ დაასრულებ ფრაზას: ცხოვრება მშვენიერია, როცა…

— როცა გვერდით გყავს ადამიანი, რომელსაც ამ მშვენიერებას გაუზიარებ. ახალი წლის დღეებში კი მით უმეტეს გამძაფრებულია ეს შეგრძნება, მინდა ყველას მივულოცო ახალი წელი და ვუსურვო მეტი ღიმილი და პოზიტივი ცხოვრებაში…