სააკაშვილს საქართველოში პატიმრობა შეუფარდეს

ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დამნაშვედ ცნეს
Sputnik

თბილისი, 5 იანვარი — Sputnik.  თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ  სააკაშვილს „გაერთიანებული საქართველოს ბანკის“ თანამშრომლის მკვლელობის საქმეში სამი წლით თავისუფლების აღკვეთა  დაუსწრებლად  მიუსაჯა, ნათქვამია სასამართლოს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სააკაშვილს ბრალად ედება, რომ 2008 წლის 24 ნოემბერს მან შეწყალების კომისიის გვერდის ავლით ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და ორჯერ შეუმცირა სასჯელის ვადა 2007 წელს გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოთხ მსჯავრდებულ თანამშრომელს. ესენი იყვნენ: გერონტი ალანია, ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე გაჩავა და მიხეილ ბიბილურიძე. ამის შემდეგ მსჯავრდებულები ვადამდე პირობითად გაათავისუფლეს. 

სააკაშვილმა ადვოკატებს აცილება მისცა

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდების საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის მიმართ და მას სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რომელიც „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, სააკაშვილს ორი წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, რაც ასევე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, შეუმცირდა  ერთი მეოთხედით და საბოლოოდ ერთი წლითა და ექვსი  თვის ვადით განესაზღვრა.

მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება  სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის  მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირების უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

2006 წელს  „გაერთიანებული საქართველოს ბანკის" თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ხმაურიანი გახდა.

ყველაფერი თბილისის ცენტრში მდებარე „შარდენ–ბარში“ მომხდარი კამათიდან დაიწყო, სადაც შსს–ს ყოფილი მაღალჩინოსნები – დათა ახალაია, ოლეგ მელნიკოვი, ვასილ სანოძე, შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გურამ დონაძე და ასევე იმ დროისთვის შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია იმყოფებოდნენ. კამათი შემდეგ ოქროყანაში ჩხუბში გადაიზარდა. 

მერაბიშვილის ბოიკოტი: შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ადვოკატებზე უარს აცხადებს

მოკლულის ოჯახი და ოპოზიცია ერთხმად აცხადებდნენ მომხდარ ფაქტთან ხელისუფლების მაღალი ეშელონების კავშირს. ისინი მოითხოვდნენ არამარტო შემსრულებლების, არამედ დანაშაულის ორგანიზატორების დასჯას.

2012 წელს, საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პროკურატურამ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიება განაახლა და საქმის ახალი გარემოებები აღმოაჩინა.

აღნიშნულ სამეზე სასჯელი აქვს შეფარდებული შს ექს–მინისტრ ვანო მერაბიშვილს, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 3 წლით პატიმრობა მიესაჯა.

ამასთან, სასჯელი დაუსწრებლად შეეფარდა გერონტი ალანიასაც, რომელიც პატიმრობაში უკვე იმყოფებოდა.

გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ბრალი აქვს წაყენებული საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასაც, ასევე ორი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა დავით კოკიაშვილს, რომელიც მართავდა ავტომობილს, რომლითაც გირგვლიანი ოქროყანაში მიიყვანეს.