ახალი დეტალები ტერორისტ ჩატაევთან კავშირში ბრალდებულების საქმეში

წარმოდგენილია დაკავებულების ტერორისტ ახმედ ჩატაევთან კავშირის დამადასტურებელი ვიდეო
Sputnik

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს–ი) გამოაქვეყნა რიგი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება პანკისის ხეობასა და თბილისში დაკავებულების კავშირი ტერორისტ ახმედ ჩატაევთან. 

ჩატაევის დახმარებაში ბრალდებულების დაკავების ოპერაცია თბილისსა და პანკისში 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარდა. სუს–ის თანამშრომლებმა დააკავეს ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი — ეს უკანასკნელი დაჭრილია და საავადმყოფოშია მოთავსებული. კიდევ ერთი – შოაიფ ბორზიევი 21 ნოემბერს დააკავეს.

პანკისის მცხოვრებთა დაკავების შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას მტკიცებულებებთან დაკავშირებით ეჭვი გაუჩნდა. დაჭრილი მაჩალიკაშვილის მშობლები და უხუცესები კი აცხადებდნენ, რომ დაკავებულს ტერორისტებთან კავშირი არ ჰქონია.

„ოპერატიული-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით, დაკავებულთა და მოწმეთა ჩვენებებით გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია დაკავებულ პირთა კავშირები ახმედ ჩატაევთან და ტერორიზმში ბრალდებული ჯგუფის სხვა წევრებთან“, – ნათქვამია სუს–ის განცხადებაში.

პანკისის ხეობაში დაჭრილი მაჩალიკაშვილი სამკურნალოდ შეიძლება უცხოეთში გადაიყვანონ

გარდა ამისა, სუს–მა გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, რომელშიც თემირლან მაჩალიკაშვილი და შოიაფ ბორზიევი თბილისში, ნოემბერში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის დროს ლიკვიდირებულ ერთ–ერთ ტერორისტთან, ასლანბეგ სოლტახმედოვთან ერთად არიან.

სპეცსამსახურებმა სხვა მტკიცებულებებიც მოიპოვეს. ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინის დათვალიერებისას, სადაც ახმედ ჩატაევი იმყოფებოდა, ამოღებულია თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებული საბანკო ხელშეკრულება.

საბანკო ხელშეკრულებაში, ადგილობრივი საბანკო რეკვიზიტების გარდა, მითითებულია სამი უცხოური ქვეყნის საბანკო რეკვიზიტები. 

„ამ ეტაპზე სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მიმდინარეობს თემირლან მაჩალიკაშვილის საბანკო ანგარიშების შემოწმება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებული საბანკო შეთანხმების ფოტო ასევე აღმოაჩინეს შოაიფ ბორზიევის ტელეფონში.

ამას გარდა, სუს–ში აღნიშნეს, თუ როგორ მოხვდა საქართველოში ჩატაევი.

„გამოძიების ამ ეტაპზე ასევე დადგენილია, რომ დაკავებული ზურაბ გორნაკაშვილი პირადად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად, რაც მოიყვანა სისრულეში და დაჯგუფების წევრები მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჩატაევთან კავშირის გამო თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

სუს–ის მონაცემებით, გორნაკაშვილი ახმედ ჩატაევსა და მისი დაჯგუფების წევრებს თბილისშიც ეხმარებოდა.

უწყების ინფორმაციით, ხუთი ბრალდებული ჩატაევის დაჯგუფებას უზრუნველყოფდა ბინით, საკვებით, მობილური ტელეფონებითა და სხვა ყოფითი პირობებით.

გამოძიება ტერორისტულ დაჯგუფებასთან დაკავშირებული სხვა პირების გამოსავლენად გრძელდება.

ამჟამად შოაიფ ბორზიევი, ზურაბ გორნიკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი და ბადურ ჩოფანაშვილი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. თემირლან მაჩალიკაშვილი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც სუს–ი აღნიშნავს, სპეცრაზმელებმა მას თავის არესა და მხარში მას შემდეგ ესროლეს, რაც შენიშნეს, რომ იგი ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა.