„ადამიანი, რომელმაც დაამარცხა ძალიან ბევრი სირთულე“ – პრეზიდენტმა პატრიარქს მიულოცა

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, ილია მეორეს, რომელიც ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას 40 წელია მართავს, დაბადებიდან 85 წელი შეუსრულდა
Sputnik

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა და მას ხალხისთვის სამაგალითო უწოდა.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარს დღეს 85 წელი შეუსრულდა.

„თქვენო უწმინდესობავ, გილოცავთ იუბილეს და აღსაყდრების 40 წლისთავს. რა არის მნიშვნელოვანი ამ თარიღებში, რომლის დროსაც ჩვენ ვიკრიბებით და ერთმანეთს ვუზიარებთ სიხარულს? მნიშვნელოვანია, რომ ამ თარიღების აღნიშვნისას, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა შევაჯამოთ და კიდევ ერთხელ შევხედოთ თქვენს მოღვაწეობას და ღვაწლს. თქვენო უწმინდესობავ, ნებისმიერი ქრისტიანის ცხოვრება ეს არის ბრძოლა, ბრძოლა როგორც ადამიანის შიგნით, ასევე იმ გამოწვევებთან, რომელსაც საზოგადოება და ამქვეყნიური პრობლემები, მის წინაშე აყენებს. ამ მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნისას ჩვენ ვგრძნობთ ძალას. ძალას იმიტომ, რომ აი, ეს გამოწვევა, რომელიც თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაშიც არის, სწორედ ამ გამოწვევების დამმარცხებელ ადამიანს ვხედავთ, არა მოყოლით, არა იდეებში, არა წიგნად, არა თეორიულად, არამედ ცოცხლად ვხედავთ ადამიანს, რომელმაც დაამარცხა ძალიან ბევრი სირთულე“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრემიერმა ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა

რეალურად ვხედავთ ადამიანს, რომელმაც დაამარცხა ამპარტავნება, ვერცხლმოყვარეობა. ადამიანმა, რომელმაც დაამარცხა ის გამოწვევები, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს გვაქვს, დასძინა პრეზიდენტმა. 

საქართველოს პრეზიდენტმა კათოლიკოს–პატრიარქს ჭადრაკი აჩუქა. გარდა ამისა, საქართველოს საპატრიარქოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გადასცა პრეზიდენტის ფონდის თანადაფინანსებით ხელნაწერთა ცენტრის მიერ გამოცემული „ბიბლია — საღმრთო წიგნების კრებული“. 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა. 1952 წელს დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. 

1952 წელს ილია მეორემ ვლადიკავკაზის № 22–ე საშუალო სკოლა, 1957 წელს მოსკოვის სასულიერო სემინარია და 1960 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემია დაამთავრა.  24 წლისა, 1957 წლის 16 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში სასულიერო აკადემიიის II კურსის სტუდენტი ბერად აღკვეცეს. ბერად აღკვეცის საიდუმლო შეასრულა ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგა) და ბერს სახელად ილია უწოდა. 

1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, ეფრემ მეორის მიერ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 1967 წელს კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ორი წლის შემდეგ ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. უწმინდესმა სოხუმში 11 წელი დაჰყო.

საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.

საქართველოში 2017 წლის 25 დეკემბერს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების 40 წლის იუბილე იზეიმეს. მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია აღევლინა.

ილია მეორის აღსაყდრების დღიდან გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რიცხვი. დღეისათვის ქვეყანაშია 46 ეპარქია, 47 ეპისკოპოსი პატრიარქის ჩათვლით და ორ ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია.