ბასილაშვილმა კატარში საჩოგბურთო ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰაში გამართული АТР 250-ს სერიის ტურნირის მეორე რაუნდი ვერ გადალახა, თუმცა 21 ათასი დოლარის გამომუშავება შეძლო
Sputnik

თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (АТР-ს რეიტინგში 59-ე ადგილი) ვერ გადალახა АТР 250-ს სერიის ტურნირის მეორე რაუნდი, რომელიც ამ დღეებში კატარის დედაქალაქ დოჰაში იმართება.

მერვედფინალში ბასილაშვილი ორ სეტში ხორვატ ბორნე ჩორიჩუსთან (48) დამარცხდა — 1:6, 3:6. მატჩი ერთ საათსა და 15 წუთს გაგრძელდა.

21 წლის ჩორიჩუ პირველ ჩაწოდებაზე გაცილებით დამაჯერებლად გამოიყურებოდა, რასაც მატჩის სტატისტიკა მოწმობს. პირველი ჩაწოდების შემდეგ მან ბურთების 79% მოიგო, ამ დროს ქართველ სპორტსმენის ანალოგიურმა მაჩვენებელმა მხოლოდ 43% შეადგინა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთი წლის განმავლობაში საჩოგბურთო რეიტინგში 35 პოზიციით აიწია

მეტოქის ჩაწოდებაზეც უკეთესი ჩორიჩუ იყო — მან ხუთი ბრეიკ-პოინტის გაკეთება შეძლო, ბასილაშვილმა კი ერთის.

დოჰაში გამართული შეხევდრა ჩოგბურთელების მესამე პირადი დაპირისპირება გახდა. წინა ორი შეხვედრა ბასილაშვილმა მოიგო.

ასეთ ადრეულ სტადიაზე წაგების მიუხედავად, ქართველმა ჩოგბურთელმა 20 სარეიტინგო ქულა და 21 ათასი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

ტურნირი დოჰაში 6 იანვრამდე გაგრძელდება, მისი საერთო საპროზო ფონდი 1,286 მილიონ დოლარს შეადგენს. ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.