კალიფორნიაში მარიხუანას ოფიციალურად გაყიდვა დაიწყეს

მარიხუანას გაყიდვისთვის აუცილებელია სპეციალური ლიცენზია, ასევე მოქმედებს დროითი შეზღუდვები
Sputnik

თბილისი, 2 იანვარი – Sputnik. ამერიკის შტატ კალიფორნიაში 1 იანვრიდან ოფიციალურად დაიწყო მარიხუანას რეკრეაციული მიზნებისთვის გაყიდვა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости პორტალ Business Insider–ზე დაყრდნობით.

ახალი წესები ახალი წლის ღამეს ამოქმედდა. როგორც აღინიშნება, „მოზრდილებს 21 წლიდან შეუძლიათ იყიდონ 1 უნციამდე (დაახლოებით 28 გრამი) მარიხუანა“. ამას გარდა, შესაძლებელია „სახლში მცენარის ექვს ერთეულამდე რაოდენობის მოყვანა ექიმის ნებართვის გარეშე“.

მარიხუანას დეკრიმინალიზაცია საქართველოში: რა მოხდება მომავალში?

ასევე აღინიშნება, რომ მარიხუანას შეძენა ნებისმიერ მაღაზიაში კვლავ შეუძლებელი იქნება. მის გასაყიდად აუცილებელია სპეციალური ლიცენზია, რომელიც ამ დროისთვის დაახლოებით 40–მა კომპანიამ მიიღო. შეზღუდვები მოქმედებს დროის თვალსაზრისითაც – საღამოს 22–დან დილის 6 საათამდე ნარკოტიკის შეძენა არ შეიძლება.

მარიხუანას გაყიდვის ლეგალიზაციის გადაწყვეტილება 2016 წლის ნოემბერში, აშშ–ის პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად გამართულ კენჭისყრაზე მიიღეს.

ამასთან, სიახლე კალიფორნიის ყველა რაიონზე არ ვრცელდება. როგორც აღინიშნება, შტატის 70–ზე მეტ ოლქში ადგილობრივი კანონები მოქმედებს, რომლებიც მარიხუანას მოყვანას ან გაყიდვას კრძალავს.