თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრიის კიცბიუელეში АТР სერიის ტურნირის ¼ ფინალში ჩეხი ადამ პავლაშეკი დაამარცხა ანგარიშით 5:7, 7:6, 6:3 და პირველად თავის კარიერაში ამ რანგის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, იუწყება ტურნირის ოფიციალური გვერდი.
ფინალში გადასასვლელად ბასილაშვილს, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 123-ე ადგილზეა, მოუწევს ითამაშოს დუშან ლაიოვიჩთან სერბეთიდან, რომელიც რეიტინგით 83-ე ადგილზეა.
ნახევარფინალში გასვლით ქართველმა ჩოგბურთელმა 90 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და თავისი საბანკო ანგარიში 23,5 ათასი ევროთი შეავსო. ამ ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი ნახევარ მილიონ ევროს აჭარბებს.
ბასილაშვილი რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 5 აგვისტოს დაიწყება და 21 აგვისტომდე გასტანს.

