თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ქართველი მსახიობები რუსეთის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის მე-10 საიუბილეო საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში ისწავლიან, რომელიც 2016 წლის ივნისში მოსკოვში გაიმართება, განუცხადეს Sputnik-ს ორგანიზატორებმა.
რუსეთის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რუსული საგანმანათლებლო-შემოქმედებითი პროექტია. მასში მონაწილეობის უფლება აქვთ 35 წლამდე ასაკის რუსული ენის მცოდნე პროფესიონალ მსახიობებს.
ყოველწლიურად ორგანიზატორების მისამართით დაახლოებით 500 განაცხადი შედის. სკოლის მსმენელთა შერჩევა კონკურსის საფუძველზე ხდება. სკოლის მონაწილეთა რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს საკუთარ თავზე ორგანიზატორები იღებენ.
სკოლა წელს საკუთარ კარს 87 მსახიობისთვის გააღებს, რომლებიც 28 ქვეყნიდან ჩავლენ. მათ შორის იქნებიან მსახიობები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და სხვა, ასევე რუსეთის 40 ქალაქიდან.
სკოლაში, ტრადიციულად, საქართველოს წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

წელს პროექტში მონაწილეობისთვის კონკურსი საქართველოდან ორმა მსახიობმა გაიარა. ესენი არიან აშოტ სიმონიანი ადამიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული სომხური თეატრიდან და ნინა ნანიძე — გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული აკადემიური თეატრიდან.
როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, გასულ წლებში სკოლა არა მხოლოდ ასწავლიდა სტუდენტებს, არამედ თვითონაც ბევრს სწავლობდა მათგან. პროექტის არსებობის მანძილზე სკოლამ სახე ძლიერ იცვალა, გააფართოვა მონაწილეთა გეოგრაფია და სასცენო ხელოვნების ახალი ჟანრები შეითვისა.
"თუმცა უცვლელი დარჩა მისი კონცეპტუალური ხედვა — გააერთიანოს საუკეთესო მსახიობები სხვადასხვა ქვეყნიდან და კონტინენტიდან სწავლისთვის, გამოცდილების გაზიარებისა და ახალი შემოქმედებითი პროდუქტის შექმნისთვის ყველაზე საუკეთესოს საფუძველზე, რაც რუსულ თეატრს შეუქმნია“, — აცხადებენ ორგანიზატორები.
საზაფხულო სკოლის მონაწილეები შეისწავლიან სამსახიობო ოსტატობას, სასცენო მეტყველებას, საკონტაქტო იმპროვიზაციას, ვოკალს, რიტმიკას, თანამედროვე ცეკვას, ასევე გრიმის, ფარიკაობისა და სასცენო ბრძოლის ხელოვნებას.
სწავლების პროცესში ცნობილი რუსი რეჟისორები სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად შექმნიან ხუთ სპექტაკლს — თოჯინების, პლასტიკურ, ქუჩის და ორ დრამატულს. ამ დადგმების ნახვის საშუალება ყველა მსურველს ექნება თეატრალურ ცენტრში „ნა სტრასტნომ“ და მოსკოვის ქვეითად მავალთა ქუჩებზე.
პროექტი ხორციელდება რუსეთის კულტურის სამინისტროს, მოსკოვის ოლქის კულტურის სამინისტროსა და მოსკოვის კულტურის დეპარტამენტის მხარდაჭერით.
მთელი ათი წლის განმავლობაში პროექტის იდეური სულისჩამდგმელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელია რუსეთის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის თავმჯდომარე, რუსეთის სახალხო არტისტი ალექსანდრ კალიაგინი.


