ჩვენთან ულტიმატუმებით საუბარი ძალიან ცუდია - დეპუტატმა აშშ-ის ელჩს და ევროკომისარს უპასუხა

© courtesy of Irakli Kadagishviliირაკლი ქადაგიშვილი
ირაკლი ქადაგიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2024
გამოწერა
აშშ-ის ელჩმა და ევროკომისიის წარმომადგენელმა განაცხადეს, რომ „გამჭვირვალობის“ კანონის მიღება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს სერიოზულ დაბრკოლებებს შეუქმნის.
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. წინასწარი ულტიმატუმებით საუბარი მიუღებელია, საქართველო მზადაა პარტნიორებთან დიალოგისთვის კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანი და აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი აცხადებენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს სერიოზულ დაბრკოლებებს შეუქმნის.
„წინასწარი ულტიმატუმებით ქვეყანასთან საუბარი არის ძალიან ცუდი. როდესაც შენ არ გინდა ამ ქვეყნის მიერ გადადგმული სუვერენული ნაბიჯების შინაარსში ახსნა-განმარტება მოისმინო და პირდაპირ ეუბნები, რომ ეს (კანონი - რედ.) რუსულია. მოდით ასე ვთქვათ, ეს შეურაცხმყოფელია - რას ჰქვია, „რუსულია“? - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა უკვე რამდენიმე განცხადება გააკეთა, რომ ნუ იქნება შაბლონური და მაპროვოცირებული განცხადებები, და შესთავაზა პარტნიორებს ღია დისკუსიის გამართვა იმასთან დაკავშირებით, თუ რაში ხედავენ პრობლემას, რაც ხელს არ უწყობს ევროპულ ფასეულობებს და საქართველოს ინტერესებს.
როგორც ხერტ იან კოოპმანმა განაცხადა, „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიუღებელია და საქართველოს შეუქმნის დაბრკოლებებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისთვის საჭირო ცხრა პირობის შესრულებაში შეზღუდული პროგრესი შეიმჩნევა, რაც არ არის კარგი.
„თუმცა, ჯერ კიდევ არის დრო... ბურთი ძალიან მყარადაა მთავრობის მოედანზე. ვიცი, რომ ქართველ ხალხს სურს, ევროკავშირს დაუახლოვდეს და მწამს, რომ ეს იქნება მთავრობის სურვილიც. იმედი მაქვს, რომ ამის საფუძველზე შეიძლება გადაიჭრას ის ძალიან რთული მდგომარეობა, რომელსაც დღეს ვხედავთ“, - განაცხადა ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა.
აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა უფრო მკაცრი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო კვირებში გაკეთებულმა არჩევანმა „ქვეყანა ევროატლანტიკურ მომავალს დააშორა“.
ელჩმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ევროკავშირის განცხადება, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება შეუთავსებელია საქართველოს მისწრაფებასთან გახდეს ევროკავშირის წევრი.
ამავე დროს, დანიგანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენელი თავს ესხმის საქართველოს სუვერენიტეტის ყველაზე დიდ მხარდამჭერებს - შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს.
დესტაბილიზაცია თუ მშვიდობიანი პროტესტი თბილისში: პოლიტიკოსებმა მომხდარი შეაფასეს>
„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაში წერია... ჩვენ უარს ვამბობთ, შევცვალოთ ჩვენი მტკიცე ერთგულება ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის მიმართ - ევროპული მომავლის მიმართ, რასაც მეტი მშვიდობა და კეთილდღეობა მოაქვს“, - ნათქვამია ელჩის განცხადებაში.
სადავო კანონპროექტი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
მომიტინგეები „რუსული კანონის“ გაწვევას მოითხოვენ და მის მხარდამჭერ დეპუტატებს „მონებს“ უწოდებენ. 15 აპრილიდან ისინი თბილისში ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს მართავენ. 30 აპრილსა და 1 მაისს, როდესაც კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილებოდა, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები არეულობაში გადაიზარდა.
მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
ყველა ახალი ამბავი
0