პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

© Courtesy of Parliament of Georgiaანრი ოხანაშვილი
ანრი ოხანაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2024
გამოწერა
წუხელ ღამით კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია არეულობაში გადაიზარდა - პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
თბილისი, 1 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო საკამათო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას.
კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 23 დეპუტატი იყო.
სანამ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე პარლამენტში ცხარე დებატები მიმდინარეობდა, ქუჩაში გამთენიისას დასრულებული საპროტესტო აქცია კვლავ განახლდა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ „რუსული კანონის“ გაუქმებას და დეპუტატებს, ვინც მას ხმა მისცეს, „მონებს“ უწოდებენ.
კანონპროექტი ითვალისწინებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისთვის რეგისტრაციის გავლას, რომელთა წლიური შემოსავლის 20% უცხოურ დაფინანსებას წარმოადგენს.
მიუღებელია! ბორელმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაგმო>>
მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე საქართველოს პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0